საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ლევან დვალი მსოფლიო ბანკის მისიის ხელმძღვანელს , პიტერ გუდმანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განსახორციელებელი პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოში ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარებას. მხარეემა ხაზგასმით აღნიშნეს ამ პროექტის და ზოგადად, ირიგაციის მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.
პროექტის სასესხო ხელშეკრულებას ხელი მსოფლიო ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს შორის მიმდინარე წლის 13 ნოემბერს მოეწერება.
პროექტი, I ეტაპზე, სარწყავი სისტემების მოწესრიგების კუთხით, საქართველოს სამ რეგიონში განხორციელდება და ითვალისწინებს:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის, ელ.მექანიკური მოწყობილობების და მარჯვენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას.
თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის, ალგეთის წყალსაცავის კაშხლის და ჰიდროტექნიკური ნაგებობების ინსტრუმენტალური მონიტორინგის სისტემის აღდგენა, მაგისტრალური არხის ხაიშის და მარაბდის მასივებზე წყალგამყვანი მილების რეაბილიტაცია - I რიგი.
ქარელის მუნიციპალიტეტში. ზედა რუს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის I და სხვა რიგის გამანაწილებელი და შიდა სამეურნეო ქსელების რეაბილიტაცია.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ლევან დვალმა, სტუმრებს კომპანიის ახალი სტრატეგიისა და ხედვის შესახებ პრეზენტაცია წარმოუდგინა.