ქართული ყველის ფესტივალი 2014

ქართული ყველის ფესტივალი 2014

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და  საქართველოს ყველის მწარმოებლთა გილდიის  ორგანიზებით,  საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ უკვე ტრადიციად ქცეული ყოველწლიური ყველის ფესტივალი გაიმართა.

ღინისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ და  საქართველოს ყველის მწარმოებლთა გილდიის თავმჯდომარემ, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ გახსნეს.

,,საქართველოში ყველის წარმოების კულტურა ისეთივე უძველესია, როგორც ღვინის. მსგავის ღონისძიებებიც სწორედ ქართული ყველის პოპულარიზაციას და საუკუნეების მანძილზე დაკარგული სახეობების აღორძინებას ემსახურება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ქართული ყველის წარმოების ტრადიციების ხელშეწყობას და ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლებისკენ მიმართული პროექტების მხარდაჭერას. ეს დაეხმარება ქართულ ნაწარმს ევროპულ ბაზარზე ძლიერი პოზიცია დაიმკვიდროს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

წლევანდელ  ფესტივალზე საქართველოს ყველა რეგიონიდან წარმოდგენილი იყო 60-მდე სახეობის ყველი, მათ შორის: დამბალ-ხაჭო, მუჩლი, გუდა, ჩეჩილი, ჩოგი, ტენილი, ნარჩვი, ლაგუჯიში, სულგუნი, ბერქეიზი, თაფლში და ღვინიში დავარგებული ყველი, პარმეზანი, ყველის როლები სხვადასხვა გულსართით, ბეშუმური, ჭაჭამოდებული, თხის ყველი  და სხვა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტით დამზადებული  ქართული ყველის სახეობები, ასევე საქართველოში წარმოებული ევროპული ბრენდირებული ყველის ანალოგები. 2014 წლის ყველის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო უძველესი რეცეპტების მიხედვით აღდგენილი  2 სახეობის ახალი ყველი - აჭარული ,,შუშველა“ და ციკნის ფაშვში დავარგებული მესხური ყველი.

ყველის მოყვარულებს  შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ სხვადასხვა სახეობის ყველი, მონაწილეობა მიეღოთ ყველის დამზადების  პროცესში და თვალი ედევნებინათ ოსტატების მიერ ელარჯისა და თაშმაჯაბის დამზადების პროცესისთვის.

ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო საქართველოში ყველის წარმოებასთან დაკავშირებული ისტორიული არტეფაქტების მინაბაძების გამოფენა. სტუმრებს  საშუალება ჰქონდათ  გაცნობოდნენ  უკვე დაპატენტებული 14 სახეობის ყველის, ასევე  ახლო მომავალში დასაპატენტებელი ყველისა და ღვინის  ნიმუშებს.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კონკურსიც,  სადაც 8 კატეგორიაში 12 გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ესენია:

 

კატეგორია ტრადიციული ქართული ყველი

1.      ი/მ სოსო შავალაძე

2.      კომპანია ,,ნატურალ +“

3.      ი/მ გესან თვაური

კატეგორია საუკეთესო ახლადაღდგენილი ქართული ყველი

1.      ი/მ გალინა ინასარიძე

2.      კუმურდოს ეპარქია (ახალქალაქი)

კატეგორია საუკეთესო ევროპული ყველი

1.      ი/მ ნანა დათაშვილი

2.      სანტე ალპია

კატეგორია  ხალხის რჩეული ყველი

1.      ჩიზკოო

კატეგორია ყველაზე ორიგინალური ყველი

1.      ტიბაანი

კატეგორია ყველის ყველაზე ორიგინალური წარმოჩინება

1.      სანტე

კატეგორია ყველაზე ორიგინალური გაფორმება

1.      სამეგრელო - ზემო სვანეთის სტენდი

კატეგორია ყველაზე ორიგინალური პოზიციონირება

1.      სანათას სახლი

ყველის მწარმოებელთა გილდიის ინიციატივით, მომავალ წელს ყველის ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებების გამართვა საქართველოს რეგიონებში იგეგმება.