საქართველოს პრეზიდენტი დღეს მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ლაურა ტუკს შეხვდა. ქვეყნის პირველმა პირმა, უპირველესად, მადლობა გადაუხადა ლაურა ტუკს იმისათვის, რომ მსოფლიო ბანკი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან და 20 წლის განმავლობაში ეხმარება ქვეყანას სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. აღინიშნა ისიც, რომ მსოფლიო ბანკი 1992 წლიდან შეღავათიანი კრედიტებისა და სესხების სახით, აფინანსებს ისეთ პრიორიტეტულ პროგრამებსა და პროექტებს, როგორებიცაა, მაგალითად, მუნიციპალური, საგზაო, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება 2014-17 წლების პარტნიორობის სტრატეგიაზე გაამახვილა, რომელიც მსოფლიო ბანკმა საქართველოსთან მიმართებაში შეიმუშავა და მიზნად ისახავს ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას. მისი თქმით, ორგანიზაცია საქართველოს დახმარებას უწევს რჩევებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მხრივ, მათ შორის საპენსიო რეფორმის მიმართულებით.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა ის, რომ 2015 წელს საქართველო მასპინძლობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას და სურვილი გამოთქვა, რომ უახლოეს წლებში ქვეყანამ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ შეხვედრასაც უმასპინძლოს.