სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა დავით გალეგაშვილმა, იური ნოზაძემ და გოჩა ცოფურაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ძირითად თემას საქართველოსა და თურქეთს შორის თხილის სექტორში თანამშრომლობის მიმართულებით არსებული პოტენციალის განხილვა წარმოადგენდა.
„საქართველოში ჩვენი ვიზიტი სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას თურქ კოლეგასთან, მეჰდი ეკერსთან გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა. დღევანდელი შეხვედრა ორ ქვეყანას შორის თხილის სექტორში თანამშრომლობის შესახებ მინისტრების მიერ მიღწეული შეთანხმების განხორციელების მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია“, - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევენთ გუმრუქჩუმ.
სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა თურქეთში თხილის წარმოების განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციები წარმოადგინეს. თურქმა კოლეგებმა ისაუბრეს იმ სქემებზე, რომლითაც თურქული თხილი პლანტაციებიდან მსოფლიო ბაზრებზე, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე გადის.
„თხილის წარმოების ხელშეწყობა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველო მსოფლიო ბაზარზე თხილის ესპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. ყოველწლიურად მოსავლის საშუალოდ 60% ექსპორტზე გადის. 2013 წელს საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 166 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2014 წლის ოქტომბრის მონაცემებით, 10 თვის განმავლობაში უკვე ექსპორტირებულია 137 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი“, - განაცხადა შეხვედრაზე იური ნოზაძემ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მცირემეწარმეების კოოპერატივებში გაერთიანება, პრაქტიკულად, უალტერნატივო მექანიზმია საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი თხილის წარმოების უზრუნველსაყოფად.
„კოოპერატივების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გასულ წელს ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. უკვე გვაქვს პოზიტიური შედეგები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თურქეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის თვალსაზრისით“, - განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა.
შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა შეაჯამა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, უახლოეს მომავალში სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოსა და თურქეთს შორის თხილის სექტორში თანამშრომლობის საკითხებზე თემატური სამუშაო ჯგუფები შეიქმნება. აღნიშნული ჯგუფები, დასახული ამოცანების შესასრულებლად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებენ მუშაობას.