საქართველოს სოფლის მეურნეობაში მიმდინარე რეფორმები და უკვე განხორციელებული წარმატებული პროექტები გააცნო საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა, ლევან დვალმა ბაქოში „სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის“ (IFAD) მიერ ორგანიზებული სემინარის მონაწილეებს.
„ასეთი დონის საერთაშორისო ფორუმები მნიშვნელოვანი ბიძგია თითოეული მონაწილე ქვეყნის სოფლის მეურნეობის განსავითარებლად. ასეთი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, მივიღოთ პრაქტიკული რჩევები კონკრეტული პრობლემის იდენტიფიკაციისა და მის გადასაჭრელად“, - ასე შეაფასა ლევან დვალმა ბაქოში გამართული სემინარის მნიშვნელობა.
IFAD საქართველოში 2001 წლიდან მოღვაწეობს და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პროგრამა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად არის მიჩნეული. ასევე, სამელიორაციო სისტემების მოწესრიგების კუთხით, გარკვეული სამუშაოები უკვე განხორციელდა IFAD-ის დაფინანსებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 5 ობიექტის რეაბილიტაცია, მზადდება პროექტი მე-6 ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად.
სემინარს დაესწრნენ: აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და მოლდოვას სოფლის მეურნეობის მინისტრები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ევროკავშირის , IFAD-ისა და სხვ. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
აზერბაიჯანის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტის დროს ლევან დვალმა ორმხრივი სამუშაო შეხვედრები გამართა აზერბაიჯანელ, მოლდოველ და ყაზახ კოლეგებთან, რომელზეც აგრარულ სფეროში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური ზრდის აუცილებლობაზე ისაუბრეს.