ფოთში, კიდევ ერთი საჯარო მოხელე „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებს

ფოთში, კიდევ ერთი საჯარო მოხელე „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებს

ფოთში, კიდევ ერთი საჯარო მოხელე კოალიცია ქართულ ოცნებას მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ფოთის მერიის სპორტის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ზურაბ მალანიამ, ეკა ბესელიას შტაბში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მალანიამ აღნიშნა, სახელისუფლებო პოლიტიკური ძალა, საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართვას აპირებს.

„მე არ მინდა ამ კამპანიის მონაწილე ვიყო. გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებული მაქვს, საჯარო დღეს გავხადე. „ნაციონალური მოძრაობა“ ცოტა ხანში დაიწყებს საჯარო მოხელეების, ასე ვთქვათ „დამუშავებას“, რათა მათ სასარგებლოდ იმუშაონ“,-განაცხადა მალანიამ, რომელმაც იქვე აღნიშნა, რომ აპირებს მხარი დაუჭიროს კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და მის მაჟორიტარ კანდიდატს ფოთში, ეკა ბესელიას.

მასთან ერთად კოალიციას დღეს მხარდაჭერა მსოფლიოს ჩემპიონმა და ევროპის მრავალგზის პრიზიორმა აღმოსავლურ ორთაბრძოლებში, იაგო სორდიამაც გამოუცხადა.

სორდია ამბობს, რომ ის დ მისი მეგობრები ამჟამინდელი ხელისუფლებისგან მუდმივად განიცდიდნენ უყურადღებობას, რაც ხშირ შემთხვევაში მათი პროფესიული წინსვლის შემაფერხებელი იყო.

„რამდენიმეჯერ, იმისთვის, რომ საქართველოს სახელი და ჩემი შესაძლებლობები საერთაშორისო არენაზე გამეტანა, სამგზავრო თანხასაც კი არავინ მაძლევდა და თვითდაფინანსებით ვახერხებდი გასვლებს“, - ამბობს იაგო სორდია.

„ნებისმიერ ადამიანს, საჯარო მოხელეს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი სიმპათია და მხარდაჭერა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიმართ, სამწუხაროდ, სააკაშვილის რეჟიმი მუდმივად იყენებს პოლიტიკურ ბერკეტებს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებისა და განსაკუთრებით, საჯარო მოხელეების მიმართ.

ჩვენ მივესალმებით თითოეულ ადამიანს, რომელთაც ყოფნით გამბედაობა და იყენებენ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას და ყოველგვარი შიშის გარეშე აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას“, - განცახადა ბესელიამ, რომელიც მალანიას შევიწროვების შემთხვევაში თანადგომას დაპირდა.­­­­