ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა რამდენიმე თვის წინათ, აწ გარდაცვლილი სტივ ჯობსი მისი ქვეყნის შრომის ბაზრის განადგურებაში დაადანაშაულა.
თითქოს რა კავშირია ფინეთს და 9 ათასზე მეტი კილომეტრით დაშორებულ კალიფორნიას შორის, სადაც სტივ ჯობსმა თავისი iPhone-ი და iPad-ი გამოიგონა, მაგრამ ალექსანდრე სტუბი ამაში პირდაპირ კავშირს ხედავს. ის ადანაშაულებს ჯობსს იმაში, რომ თავისი iPhone-ით მოკლა Nokia-ს ბიზნესი და ასევე ქაღალდის წარმოება, რადგან iPad-ის გამოგენებამ ქაღალდზე მოთხოვნა შეამცირა. Nokia, რომლის კრახი Apple-ის აყვავებით დაიწყო, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ფინეთის ეკონომიკაში, კომპანია ქვეყნის უმსხვილესი დამსაქმებელი იყო, ხოლო უამრავი კომპანიის ბიზნესი სწორედ Nokia-თან პარტნიორობით ვითარდებოდა.
თანამედროვე ბიზნესი კოოპერაციის და პარტნიორობის გარეშე წარმოუდგენელია და არ არსებობს სფერო და კომპანია, რომელიც დამოუკიდებლად ახერხებს პროდუქციის და მომსახურების წარმოებას. ასეა ყველგან და იგივე პრინციპი მოქმედებს საქართველოშიც. ამიტომ, პრობლემა, ისეთი როგორიც Apple-თან კონკურენციის გამო დამარცხებული Nokia-ს პარტნიორებს შეექმნათ იმის გამო, რომ ფინეთში მობილური ტელეფონების აწყობა აღარ ხდება, მოსალოდნელია აქაც, თუ რომელიმე კომპანია გაჩერდება, ან იმდენს ვეღარ იმუშავებს, როგორც ადრე.
ისევე როგორც Nokia იყო მნიშვნელოვანი ფინეთის შრომის ბაზრისთვის, ასეთივე მნიშვნელოვანია „არემჯი“ ბოლნისის რაიონისთვის და არა მარტო მისთვის - ბიუჯეტისთვის, დაკავშირებული ბიზნესებისთვის, საკრედიტო დაწესებულებებისთვის და საქართველოს სავაჭრო ბალანსისთვის, რომელიც ისედაც კრიტიკულად უარყოფითია და კიდევ დამატებით ოქროს ექსპორტის შემცირება, მას უფრო სავალალო მდგომარეობაში ჩააგდებს.
„არემჯი“ ახლა მესამედი სიმძლავრით მუშაობს, არა იმის გამო, რომ სტივ ჯობსის მემკვიდრე ტიმ კუკმა ისეთი ახალი გაჯეტი გამოიგონა, რამაც ოქრო ჩაანაცვლა და ამ ძვირფას ლითონზე მსოფლიოში მოთხოვნა აღარაა, უბრალოდ იმიტომ, რომ კომპანია ვერ ახერხებს თავის სალიცენზიო ტერიტორიაზე მუშაობას, ვინაიდან გარკვეული ჯგუფები იქაურობას „იცავენ“, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს კულტურული მემკვიდრეობაა და იქ ბიზნესის წარმოება არ შეიძლება. ეს საკითხი საბოლოოდ კულტურის სამინისტრომ უნდა გადაჭრას და შესაბამისი კვლევების საფუძველზე გადაწყვიტოს, ოქროს წარმოება უნდა მოხდეს საყდრისში, თუ ტერიტორია კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადდეს და მხოლოდ ტურისტებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი და არა კაპიტალისტებისთვის.
გადაწყვეტილების მიღებამდე კი უკვე ცნობილია, რომ ბოლნისის ბიუჯეტმა 2013 წელს მიიღო 21 მილიონი ლარი, 2012-ში მიღებული 142 მილიონის წინააღმდეგ. ნაკლები ფული მიიღო არა მხოლოდ ბიუჯეტმა, არამედ იმ კომპანიებმა, რომლებისგანაც „არემჯი“ პროუქციას და მომსახურებას ყიდულობდა. მაგალითად, „ინდუსტრია კირმა“, რომელიც „არემჯის“ ოქროს წარმოებისთვის აუცილებელ კირს აწვდის, კონტარქტორის შეფერხებით მუშაობის გამო წელს უკვე 0.5 მილიონი ლარის შემოსავლები დაკარგა. როგორც კომპანიის ხელძღვანელი გიგი ჭაჭია ამბობს, იმის გამო, რომ „არემჯი“ მხოლოდ მესამედი სიმძლავრით მუშაობს, კირის მიწოდება აღარ ხდება ძველი მოცულობებით და ეს კომპანიის შემოსავლებზე აისახა. შემოსავლების შემცირება კი ჭაჭიას განცხადებით ავტომატურად ამცირებს მათ საბიუჯეტო შენატანებს და ასევე კომპანიას ურთულებს ანგარიშსწორებას დასაქმებულ პერსონალთან. „კომპანიაში 70 ადამიანია დასაქმებული და შექმნილ ვითარებაში კადრების შემცირება იყო აუცილებელი, თუმცა ჩვენ ამ გზით არ წავედით, კადრები შევინარჩუნეთ, თუმცა მათ მიმართ სახელფასო დავალიებები დაგვიგროვდა და მათ ვისტუმრებთ“, - აცხადებს ჭაჭია.
ის ასევე ამბობს, რომ წელს ბიუჯეტი მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახდის სახით 60%-ით ნაკლებ შემოსავლებს მიიღებს „ინდუსტრია კირისგან“, ვინაიდან კომპანიას ბრუნვა შეუმცირდა. მათი წლიური საბიუჯეტო შენატანი მხოლოდ დღგ-ს ნაწილში კი სრული წარმადობით მუშაობის დროს 700 ათასი ლარი იყო.
„არემჯის“ კონტრაქტორი სატრანსპორტო კომპანია „ჯორჯიან ენერჯი“ კი საერთოდ არ გამორიცხავს, რომ ბოლნისში სოციალური აფეთქება მოხდეს.
კომპანიის წარმომადგენელი ბიჭიკო პაიკიძე საპროტესტო აქციებსაც არ გამორიცხავს, თუ ოქროს მწარმოებელი კომპანიის საწარმოო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მალე არ აღდგება.
პაიკიძე ამბობს, რომ მის კომპანიაში 130–მდე ადგილობრივია დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასი 1 000 ლარია. კომპანიას 40 ერთეული ტექნიკა გააჩნია და ის „არემჯისთან“ მაისიდან თანამშრომლობს. კომპანიის ყოველთვიური საბიუჯეტო შენატანი 200 000 –300 000 ლარია.
ბიჭიკო პაიკიძე აღნიშნავს, რომ „არემჯი“ რაიონში ერთადერთი დამსაქმებელია, რომელიც ადგილობრივების გარდა, სხვა ბიზნესკომპანიებსაც ამუშავებს.
ეს დომინოს პრინციპი, როცა ერთის წაქცევა, სხვებსაც მიწაზე ანარცხებს, საქართველოში არაა გამოგონილი და ფინეთის პრემიერ-მინისტრს უფრო ვრცლად რომ ესაუბრა, კიდევ ბევრ სფეროს ჩამოთვლიდა, რომლებიც Nokia-ს და ქაღალდის მწარმოებელი კომპანიების პრობლემებმა დააზარალა. მეტი ფიქრის პირობებში კი ჩვენც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ კიდევ ვის დააზარალებს ნედლეულის და სატრანსპორტო კომპანიების გარდა, „არემჯის“ მასშტაბის კომპანიის გაჩერება, ან მესამედი სიმძლავრით მუშაობა.