შეხვედრაზე გოჩა ცოფურაშვილმა საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის დიდი რესურსი არსებობს. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაღრმავოთ თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დარგში იმ გამოცდილების გაზიარება, რაც ირანის ისლამურ რესპუბლიკას აქვს. ჩვენი ხელისფლებისთვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულია. აქედან გამომდინარე, არაერთი ხელშემწყობი პროექტი ხორციელდება. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებისგან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო და გვინდა მაქსიმალური გავაკეთოთ იმისათვის, რომ დარგი სწრაფად განვითარდეს“, - განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა.
შეხვედრაზე ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის წევრმა, რომელიც ამავდროულად საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია, მადლობა გადაუხადა გოჩა ცოფურაშვილს ირან-საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უკვე არსებობს სოფლის მეურნეობის დარგში სამომავლო თანამშრომლობის გარკვეული მიმართულებები, მათ შორის, მეცხოველეობა, თევზისა და მარცვლეული კულტურების წარმოება.
შეხვედრას ესწრებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, რომელმაც ირანის ისლამურის რესპუბლიკის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
„ჩვენ შევქმენით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც უნდა განვავითაროთ. ამ მხრივ თქვენი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა გავეცნოთ იმ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სამეცნიერო კვლევებს, რომლებსაც თქვენ აგრარული დარგის განვითარებისთვის იყენებთ“, - განაცხადა იური ნოზაძემ.