დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ევროკავშირის დელეგაციის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
დელეგაციის წევრები საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე მუშაობენ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებით აქტიურადაა დაინტერესებული და იმედი გვაქვს, რომ მათი მხარდაჭერა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეხვედრაზე მხარეებმა იმ პროექტების მიმდინარეობა განიხილეს, რომლებსაც ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში არსებულ პროექტებს დაეთმო.
„2015 წელს, ევროკავშირის დახმარება ფოკუსირებული იქნება სოფლის განვითარების (rural development) მხარდამჭერი პროექტების განხორციელებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება“, - განაცხადა შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრმა ინგრიდ შვაიგერმა.
ევროკავშირის სამუშაო ჯგუფთან შეხვედრას ესწრებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე.