ჩენგდუში საქართველო-ჩინეთის  სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის  კომისიის  სხდომა  გაიმართა

ჩენგდუში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-6 სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილემ, გაო იენმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილის, გაო იენის განცხადებით,  ჩინეთის მხარე მზად არის გაზარდოს საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური და ტექნიკური დახმარება.  

სხდომაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ  კომისიის წევრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების  შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის მოადგილემ, დარგის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთის მხარე  მზადაა ხელი შეუწყოს ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, პოპულარიზაციას და საიმპორტო მოცულობის ზრდას. ვიზიტის ფარგლებში ნოდარ კერესელიძემ  ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მხარეს უახლოეს მომავალში გადმოეცემა 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 26 სხვადასხვა დასახელების 225 ერთეული სამელიორაციო-საირიგაციო ტექნიკა.

,,სხდომაზე სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის საკითხი გამოყოფილი იქნა როგორც პრიორიტეტული მიმართულება. ჩინურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ საქართველოსთან ამ მიმართულებით  თანამშრომლობა გააქტიურდეს - გაიზარდოს ინვესტიციები, დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები  და სხვა. აღსანიშნავია, რომ კომისიის სხდომის ფარგლებში ხელი მოეწერა დოკუმენტს,  რაც ითვალისწინებს ჩინეთის მხარის მიერ  საქართველოსათვის ჩინური სამშენებლო  ტექნიკის უსასყიდლოდ გადაცემას“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორის კომისიის რიგით მე-6 სხდომას საქართველოს მხრიდან წარმოადგენდნენ  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღონია,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე; ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო  რესპუბლიკაში დავით აფციაური.

კომისიის სხდომაზე  მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები. განიხილეს  ორ ქვეყანას შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მოხდება ორი ქვეყნის  სამეურნეო სუბიექტებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა, რაც საწინდარი იქნება საქართველოში ჩინური ინვესტიციების მოცულობის ზრდის.  კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ  თანამშრომლობა გაღრმავდება ისეთი  მიმართულებებით, როგორიცაა სოფლის მეურნეობა,  ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და  სხვა. 

  სხდომის დასასრულს ხელი მოეწერა სავაჭრო–ეკონომიკურ საკითხებზე საქართველო–ჩინეთის სამთავრობათაშორისო კომისიის მე–6 სხდომის ოქმს. 

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის  წევრები სიჩუანის პროვინციის ვიცე გუბერნატორს, გან ლინს შეხვდნენ.

2014 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან 380 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-3 ადგილზეა. ამავე პერიოდის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 68%-ით, იმპორტი კი 23%-ით გაიზარდა, რაც ადასტურებს, რომ საქართველო ჩინური ბიზნესექტორისთვის სულ უფრო საინტერესო და პერსპექტიული ხდება.