ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივით, წელს პირველად, მომზადდა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების კომუნიკაციის სტრატეგია. ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარესთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და კომუნიკაციის ახალი ფორმატების დანერგვას, რაც არჩევნების უფრო ეფექტურად და გამჭვირვალედ ადმინისტრირებას შეუწყობს ხელს.
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების კომუნიკაციის სტრატეგია მომზადდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით. სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც IFES-ის ექსპერტმა, კარენ ლუის ბუთმა ცესკოს წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად შეიმუშავა, იქნება საარჩევნო ადმინისტრაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
ცენტრალური საარჩევნო კომისია იმედოვნებს რომ ამ ინიციატივის და გაწეული მუშაობის შედეგად კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება ცესკოს კომუნიკაცია ამომრჩეველთან და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარესთან.
სტრატეგიის სრული ტექსტი უახლოეს მომავალში შეგიძლიათ იხილოთ ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.