"ქვეყნის განვითარება წყლის რესურსების გამოყენების გარეშე შეუძლებელია"

"მეც იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, ვისაც თავისი ქვეყნის განვითარება სურს, წყლის რესურსის გამოყენების გარეშე კი ეს შეუძლებელია", - აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვაჟა ბერიძე "ხუდონჰესის" მშენებლობის მიზანშეწონილობის საკითხის კომენტირებისას.

მისი შეფასებით, "პრიორიტეტად ცალსახად იკვეთება მსხვილი ჰესი, საინვესტიციო თვალსაზრისით და მთლიანი შიდა პროდუქტის გარანტირებული ზრდის გათვალისწინებითაც. როცა საპირწონე ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობაა, რაზეც მისი მომავალია დამოკიდებული, ცხადია  ბევრად გადაწონის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს."  _ აცხადებს ვაჟა ბერიძე.

ვაჟა ბერიძე გულისტკივილს გამოთქვამს, რომ ენერგოდამოუკიდებლობა ფართო, საფუძვლიანი მსჯელობის საგანი არ გახდა. მითუმეტეს იმ ქვეყანაში, სადაც ენერგოკრიზისი გამოვიარეთ და საფრთხეების გაანალიზების უნარი მეტად უნდა შეგვწევდეს.

ექსპერტი მთავრობის პასიურობაზეც მიანიშნებს: "ჩვენი მთავრობის ნაკლია, რომ განზრახვის, რაოდენ სასიკეთოც არ უნდა იყოს ის, საზოგადოებამდე მიტანა უჭირს. ენერგოპოლიტიკაზე უფრო აქტიურად უნდა მუშაობდეს სახელმწიფო."

მისი აზრით, წამოსაწევია რეგიონის გადარჩენის თემის საზოგადოებამდე მიტანაც, რადგან ჰესის მშენებლობა იქ სანიმუშო სოფლების მშენებლობის საშუალებას იძლევა, რაც სვანებს ბარში ჩამოსვლისკენ კი არ უბიძგებს, არამედ იქ ცხოვრება სხვა რეგიონების მოსახლეობისთვისაც სასურველი იქნება.

ექსპერტი პრობლემას არამარტო მთავრობის არასაკმარის აქტივობაში, არამედ საზოგადოების ცნობიერებაშიც ხედავს, რაც დემოკრატიულობისგან ჯერ შორს არის.

ვაჟა ბერიძე: "მცირე ჰესების მშენებლობაც უნდა გაგრძელდეს და განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების პროცესიც დაიწყოს. თუმცა, მსხვილი ჰესი ცხადია უფრო მიმზიდველია ქვეყნის ენერგომდგრადობისთვის და ინვესტორისთვისაც."