"ხუდონჰესის მასშტაბის პროექტებს ყველა ქვეყანაში ახლავს აზრთა სხვადასხვაობა" – აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ემზარ ჯგერენაია და მაგალითისთვის ლამანშის გვირაბის მშენებლობა მოჰყავს, რომლის აშენებასაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, თუმცა დღეს საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დამაკავშირებელი გვირაბი თანამედროვე მსოფლიოს საოცრებათა სიაშია.
ემზარ ჯგერენაია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ხუდონჰესის მშენებლობა აუცილებელია და ეს პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს.
"ხუდონჰესი, ეს არის ის პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ხუდონჰესის აშენება არა მარტო ენერგოდამოუკიდებლობას გაზრდის, არამედ ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას. გარდა ამისა, ხუდონჰესი სჭირდება ქვეყნის ეკონომიკას. ამაზე არაერთხელ მისაუბრია და კიდევ ვიტყვი, რომ ამ პროექტით გათვალისწინებულია ბაზისური ელექტროსადგურის მშენებლობა, რაც საქართველოს ძალიან სჭირდება. ეკონომიკური ზრდის პირობებში, 5 წლის შემდეგ, საქართველოს 35%-ით მეტი ელექტროენერგია დასჭირდება, ამ სიმძლავრის მიღწევისთვის კი, ქვეყანას მეორე მძლავრი, ბაზისური ჰესი სჭირდება", – აცხადებს ჯგერენაია.
მისი თქმით, ამას გარდა, პროექტის განხორციელებით მოხდება ენერგეტიკაში ინვესტიციების მხარდაჭერა, ადგილობრივ და სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი გადასახადების მობილიზება და ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდა.
ექსპერტი ფიქრობს, რომ საუბარი და შიშები ე.წ „უცნობ“ ინვესტორებზე, არასერიოზულია. მისი თქმით, გახსნილია ყველა ინფორმაცია და ინვესტორებს საქართველოში ძალიან ცნობილი წარმომადგენელიც ჰყავთ დავით მირცხულავას სახით, რომელთანაც ყველა ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია.
შეგახსენებთ, რომ ხუდონჰესის ინვესტორი კომპანიის, ტრანსელექტრიკა ჯორჯიას ინვესტორებმა თბილისში ყოფნისას განაცხადეს, ჰესის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელდება და პროექტის განვითარებაში ჩართულები არიან გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები, კონსულტანტები და ექსპერტები, მათ შორის - მსოფლიო ბანკიც.
ტრანსელექტრიკა ხუდონჰესის მშენებლობაში 1,2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ისინი 702-მეგავატიანი ჰესის აშენებას აპირებენ.