„ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

1918 წლის 26 მაისს მიღებულ იქნა დამოუკიდებლობის აქტი, რომლის პირველ პუნქტში ეწერა ის, რაზეც საუკუნეების მანძილზე ოცნებობდა არაერთი თაობა:

„ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“.

ისტორიულად საქართველოში მოვლენები ისე ვითარდებოდა, რომ ჩვენს ხალხს მუდმივად უწევდა ბრძოლა საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის!

ჩვენ არაერთხელ დავმდგარვართ დიდი გამოცდის წინაშე, მაგრამ ისტორიულ გზაჯვარედინზე საზოგადოება ქვეყნის გადარჩენისთვის უკანასკნელ ძალას იკრებდა და მიზანს სიცოცხლის ფასად აღწევდა! დღეს ჩვენი ქვეყანა კვლავ მძიმე ისტორიული რეალობის წინაშე დგას - ქვეყანას დაკარგული აქვს ტერიტორიის 20%, დაკარგული აქვს ის სულიერი ფასეულობები, რომლისადმი ერთგულებამაც მრავალი განსაცდელის მიუხედავად საქართველო გადაარჩინა, დღეს ჩვენი ქვეყანა დახლეჩილ-დანაწევრებულია.

ჩვენ პატივს ვცემთ ქართულ არმიასა და ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებმაც არერთხელ ღირსეულად და საკუთარი სიმამაცით დაამტკიცეს, რომ მზად არიან დაიცვან სამშობლო.

საქართველოს აუცილებლად ეყოლება ღირსეული ხელისუფლება, რომელიც შესძლებს ქართველ, ოს, აფხაზ და საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნების მოქალაქეებს შორის ნდობის აღდგენის უზრუნველყოფას, თანასწორუფლებიანი, ერთმანეთის კანონიერი ინტერესების დაცვის საფუძველზე ურთიერთობების დამყარებას, როგორც დასავლეთთან, ასევე, ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან და რომელიც არ დაუშვებს ქვეყნის ერთიანობის, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის შელახვას.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხი ისევე, როგორც ყოველთვის, კვლავ შეძლებს ამ  ვითარებიდან გამოსვლას. მივმართავთ ჩვენს აფხაზ და ოს ხალხს - კარგად გვესმის, რომ ჩვენს წარსულში იყო უმძიმესი ტრაგედიები, 90-იანი წლები და 2008 წლის აგვისტოს ომი. დანაკლისი მართლაც დიდი იყო, თუმცა ჩვენ უნდა შევძლოთ, ერთმანეთის პატიება და მიტევება. გული გვტკივა წარსულზე, მაგრამ იმედით ვუყურებთ მომავალს. ჩვენ არ გვაქვს უფლება სამშობლო წავართვათ ერთმანეთს!

მალე აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ჩვენ, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, სრულიად საქართველო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ღირსეულად შევხვდებით და ვიზეიმებთ!