კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ რეგიონებში გასვლით შეხვედრებს განაგრძობს. 2014 წლის 25 მაისს კოალიციის ლიდერებმა გორის რაიონში გამართეს შეხვედრა, სადაც მოსახლეობას გორის მერობის, გამგებლობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინეს. კოალიციის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გორის რაიონის მერობის კანდიდატად მამუკა ნოზაძე დაასახელა. ხაშურის რაიონის გამგებლობის კანდიდატია შალვა ციცქიშვილი, კასპის - ვახტანგ გუგულაშვილი, ხოლო ბორჯომის -ავთანდილ გონგლაძე. კოალიციის მხრიდან გორის მაჟორიტარობის კანდიდატებად წარმოდგენილნი არიან: ალექსანდრე დოლუაშვილი, გივი ახალბედაშვილი, ზურაბ როსებაშვილი, დავით მამიჯანაშვილი და რამაზ ჩუტკერაშვილი.
შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
„აქ გორში, რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით, ჩვენს მიწაწყალზე გავლებულია მავთულხლართები. ამ მავთულხლართების აღება არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ შეუძლია საქართველოში ჩვენს გარდა. მე ვპირდები მოსახლეობას, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ჩვენ ავიღებთ მავთულხლართებს. ვპირდები გორის მოსახლეობას, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ სტაბილურ ბაზარს და ურთიერთობების დალაგებას რუსეთთან. ჩვენ მოვაწესრიგებთ გორის რაიონს, მოვაწესრიგებთ ქვეყანას. ამისათვის სამივე ბიულეტენში უნდა შემოხაზოთ ნომერი 3 და მხარი დაუჭიროთ ჩვენს კოალიციას.“
როგორც გორის რაიონის მერობის კანდიდატმა მამუკა ნოზაძემ აღნიშნა:
„ვფიქრობ, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ჩემი საქმიანობა, მე ვარ ერთ-ერთი ის ადვოკატი, რომელიც ყოველთვის ვიბრძოდი საზოგადოების უფლებების დასაცავად და კვლავ გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისათვის. მე ვიქნები თითოეული ამ ადამიანის უფლებების დამცველი. ჩვენ მოვაწესრიგებთ ქვეყანას!“