კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ ოზურგეთის  მოსახლეობას ხვდება

კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ ოზურგეთის მოსახლეობას ხვდება

კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ რეგიონებში გასვლით შეხვედრებს განაგრძობს. 2014 წლის 23 მაისს კოალიციის ლიდერები ოზურგეთის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა, სადაც  ათასობით კოალიციის მხარდამჭერმა მოიყარა თავი.  კოალიციის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა თბილი დახვედრისათვის და ოზურგეთის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა მათ.  ნინო ბურჯანაძემ  ოზურგეთის მერობის კანდიდატად დაასახელა  კახა ჩავლეიშვილი. მაჟორიტარობის კანდიდატებად კოალიციის მხრიდან წარმოდგენილნი არიან: ლეო თოიძე, ბარნაბ მგელაძე, გივი ნაკაიძე, გოჩა გორდელაძე და გიორგი გეგეჭკორი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად კოალიციის მხრიდან დასახელდა დოდო ესართია, ჩოხატაურის გამგებლობის კანდიდატად კი  ავთანდილ ჯაში.

მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ კოალიციის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში. დღეს ვიმყოფებით გურიაში, სადაც მოსახლეობას წარვუდგინეთ ძალიან ღირსეული  კანდიდატები. ჩვენ გუნდში არიან ძალზედ კომპეტენტური ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან როგორ უნდა ვუშველოთ და მოვაწესრიგოთ ჩვენი ქვეყანა. მე  დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს და სამივე ბიულეტენში შემოხაზავს ნომერ 3-ს, რადგან ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ ვართ ყველაზე თანმიმდევრული, მებრძოლი ძალა.“