ექსპერტთა ოთხეული ხუდონჰესის პროექტზე სამთავრობო კომისიის შექმნას  ითხოვს

ექსპერტთა ოთხეული ხუდონჰესის პროექტზე სამთავრობო კომისიის შექმნას ითხოვს

ექსპერტთა ოთხეულმა, ლევან კალანდაძემ, ირაკლი ლექვინაძემ, ლევან ალაფიშვილმა და გიორგი აბაშიშვილმა  პრემიერ-მინისტრს ხუდონჰესთან დაკავშირებულ საკითხებზე სპეციალური  სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით მიმართეს. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "ჩვენ ხშირად გვსაყვედურობენ, რომ მხოლოდ ციფრებს ვითვლით და იმის იქეთ არ ვიყურებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვლით ციფრებს, რომელიც სარგებლის სახით შეგვიძლია მივიღოთ, ასევე ვითვლით, რა თქმა უნდა, გარკვეულ დანაკარგსაც, რაც პროექტების განხორციელებას შეიძლება მოყვეს. თუმცა, უფრო გლობალურად რომ შევხედოთ საკითხს, ხუდონის თემა არის გადამწყვეტი და თუ ამ პროექტს პრობლემა შეექმნა, აბსოლუტურად იგივე პრობლემების რიგში დადგება ნებისმიერი მცირე, მსხვილი თუ საშუალო დონის პროექტი, რომელიც საქართველოში დაიწყება და რომელსაც ინვესტორის თუ ხელისუფლების მხრიდან ინიცირება ექნება.  ამიტომ უმნიშვნელოვანესია, შეიქმნას სამთავრობო კომისია, რომელიც კოორდინირებულად მოახდენს ამ უმნიშვნელოვანეს პროექტზე მუშაობას."

ლევან კალანდაძე ("საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა"):

"საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება ჩვენი საზოგადოებისა და მთავრობის უმთავრესი გამოწვევაა. მიგვაჩნია, რომ დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის, ხუდონჰესის მშენებლობის  პროფესიული განხილვა და საქმიანობის კოორდინაცია საინვესტიციო საბჭოს ფორმატში უნდა წარიმართოს. ამდენად, ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად წარმოგვიდგენია სამთავრობო კომისიის შექმნა, რომელთა შორის  იქნება ინვესტორთან, მოსახლეობასთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან კომუნიკაციის ჯგუფიც."

გიორგი აბაშიშვილი (ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი):"წარმოების ზრდის, უმუშევრობის შემცირებისა და ცხოვრების დონის ამაღლების კვალობაზე, აქტუალურია ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის მიღწევა, როდესაც ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების რაციონალური გამოყენებით, შესაძლებელი გახდება იმპორტის შემცირება-ჩანაცვლება და ექსპორტის გაზრდა. საბოლოო ჯამში საქართველოს ეკონომიკის და ბიზნეს გარემოს მიმზიდველობას, დემოკრატიულ მმართველობასა და რეგულაციებთან ერთად დიდწილად სწორედ ენერგეტიკის განვითარება განაპირობებს. ამ მხრივ ხუდონჰესის პროექტი უმნიშვნელოვანესია და სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ბატონ პრემიერ მინისტრს, რომ შეიქმნას სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც ყველა იმ საკითხზე იმსჯელებს, რაც ამ პროექტს ეხება."

ლევან ალაფიშვილი (ცენტრ "მომავლის ინიციატივების" ხელმძღვანელი): "ხუდონჰესის პროექტი მთავრობის პირველი სერიოზული გამოწვევაა, როგორც საინვესტიციო, ფინანსური და ეკონომიკური კუთხით, ასევე კანონის უზენაესობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამიტომ, ჩვენს მიერ შეთავაზებული ფორმატი მეტად მნიშვნელოვანი იქნება ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების  ეფექტური გადაწყვეტისთვის."