პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2013 წლის ანგარიშში ბევრი პოზიტიური ხაზია წამოწეული. მისივე შეფასებით, წინა წლების ანგარიშისგან განსხვავებით, ანგარიშში პოლიტიკურ დევნასა და სასამართლოს პოლიტიზირებულ გადაწყვეტილებებზე საუბარი არ არის.
რაც შეეხება შენიშვნებს, უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, უნაკლო სისტემა არ არსებობს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან თუნდაც 17 მაისს მომხდარ მოვლენასთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება იყო.
„აქაც რამდენიმე საინტერესო ფაქტია დასახელებული, მათ შორის, საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასახელებულ ფაქტებზე, თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობებიდან გათავისუფლების შესახებ და იქვე მითითებულია, რომ ეს სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია არ არის, არამედ ეს არის ფაქტები, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელები აწვდიან. ასევე დასახელებულია 17 მაისის თემა, რომელიც განხილვის საგანი გახდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს არგუმენტი, რომ ხელისუფლებამ რეაგირება დროულად მოხდინა და იმ ფაქტზე დაკავებული იყო რამდენიმე ადამიანი. გამოყენებული იყო ადმინისტრაციული სახდელი და მათ შორის, სისხლის სამართლის საქმე იყო დაწყებული და სასამართლოში გაგზავნილი. ასე რომ, რეაგირებები იყო და გარკვეულ საკითხებზე ბუნებრივია, მსჯელობა და ყურადღების გამახვილება შესაძლებელია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ უნაკლო სისტემა არ არსებობს, თუმცა განსხვავება ამ ანგარიშსა და წინა ანგარიშებს შორის ისე დიდი, როგორც ცასა და დედამიწას შორის“, - განაცხადა ბესელიამ.