"ხუდონჰესის კაშხლის მშენებლობა დასაშვებად მიგვაჩნია"

არასამთავრობო  ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას"  მიერ  2014 წლის 27 იანვარს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის სახელზე გაიგზავნა წერილი, რომლითაც ორგანიზაცია ითხოვს ინფორმაციას ხუდონჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის  შესახებ. მწვანე ალტერნატივა ითხოვს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავ და მოძრავ ძეგლებზე, კულტურულ ღირებულებებზე, მათი გამოვლენის, დაცვისა და შენარჩუნების შესაძლებლობებზე ხუდონჰესის პროექტის ზეგავლენის შესწავლის მასალებს.

ორგანიზაციის  მიერ დასმული შეკითხვა ჰესის მშენებლობით ხაიშში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურების რისკებს შეეხებოდა.

"ბატონო გურამ, როგორც ცნობილია, დასავლეთ საქართველოში, ზემო სვანეთში, იგეგმება ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება. აღნიშნულთან დაკავშირებით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, შეისწავლა თუ არა თქვენდამი დაქვემდებარებულმა უწყებამ დაგეგმილი პროექტი და შეაფასა თუ არა მისი ზეგავლენა მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავ და მოძრავ ძეგლებზე, კულტურულ ღირებულებებზე, მათი გამოვლენის, დაცვისა და შენარჩუნების შესაძლებლობებზე."

13 თებერვალს "მწვანე ალტერნატივამ" პასუხად 60 გვერდიანი დანართი მიიღო, მათ შორის იყო კულტურის სამინისტროს მიერ კომპანია "ტრანს ელექტრიკა ჯორჯიასთვის" გაგზავნილი პასუხი, სადაც ცალსახად  არის ნათქვამი, რომ დატბორვის ზონაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გარდა  სხვა ისტორიულ-არქიტექტურული  ობიექტი არ ხვდება.

"საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განიხილა თქვენი წერილი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, რომელიც ეხება ხუდონჰესის მშენებლობისთვის შერჩეულ საპროექტო ტერიტორიაზე  კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით  განხორციელებულ კვლევებს. წარმოდგენილი ანგარიშიდან ჩანს, რომ ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის  ეკლესიის გარდა, რომელიც განახლებული და სრულიად სახეცვლილია 2009 წელს განხორციელებული სამუშაოების შედეგად, დატბორვის ზონაში არ ხვდება ისტორიულ-არქიტექტურული არც ერთი სხვა ობიექტი.

რაც შეეხება არქეოლოგიურ მემკვიდრეობას, ბიბლიოგრაფიულ-საარქივო მონაცემებზე დაყრდნობით, სადაც დატბორვის ზონაში დაფიქსირებული იყო 10 ობიექტი, განხორციელდა სადაზვერვო სამუშაოები, რათა მომხდარიყო ამ ობიექტების იდენტიფიცირება საარქივო  მონაცემების მიხედვით. სადაზვერვო სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ შესაძლებელი გახდა, მხოლოდ 6 არქეოლოგიური ობიექტის საარქივო მონაცემებთან იდენტიფიცირება. 4 ობიექტის გამოვლენა ვერ მოხერხდა. აღნიშნული 6 ობიექტი შესწავლილია სრულად. ზემოხსენებულიდან გამომდინარე საპროექტო ტერიტორიის ის მონაკვეთი, სადაც უნდა აშენდეს კაშხლის ტანი  სტერილურია არქეოლოგიური თვალსაზრისით.შესაბამისად იქ შენებლობის წარმოება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მიგვაჩნია დასაშვებად. რაც შეეხება მიწის საპროექტო ნაკვეთის დანარჩენ ნაწილს (დატბორვის ზონა) მისი სრულად და ამომწურავად შესწავლის მიზნით აუცილებელია საქმის მწარმოებელთა მხრიდან უზრუნველყოფილ იქნას დამატებითი არქეოლოგიური კვლევა-ძიების ჩატარება." _ წერს  კულტურის მინისტრის  აწ უკვე ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი "ტრანსელექტრიკა ჯორჯიას".

 "მწვანე  ალტერნატივას" მიერ სხვადასხვა უწყებებისთვის გაგზავნილი წერილები დ მათი პასუხები IDFI ( ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) ვებგვერდზეა ატვირთული.