ეკონომიკური ახალი ამბების სააგენტო GBC-ის მკითხველთა უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოში „ხუდონჰესი“ უნდა აშენდეს.
სააგენტოს მიერ ჩატარებული ონლაინ-გამოკითხვის შედეგებით, მკითხველთა უმრავლესობას, 85% -ს მიაჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისთვის ასეთი გიგანტური მნიშვნელობის პროექტი, აუცილებლად უნდა განხორციელდეს.
15%-ს კი მიაჩნია, რომ „ხუდონჰესის“ მშენებლობა არ არის მიზანშეწონილი.
„ხუდონჰესი“ მდინარე ენგურზე უნდა აშენდეს. ჰესის სიმძლავრე 702 მეგავატი იქნება და მის ასაშენებლად 1,2 მლრდ აშშ დოლარი დაიხარჯება. პროექტს ბრიტანულ-ინდური კონსორციუმი „ტრანსელექტრიკა ჯორჯია“ ახორციელებს.
ასევე უმრავლესობის მხარდაჭერით დასრულდა გამოკითხვა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საიტზე, ფორუმ.ჯი-ზე. თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, ხუდონჰესის აშენების მომხრე იყო გამოკითხულთა 68,83 პროცენტი.