დღეს, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა კონფერენცია თემაზე: "ხუდონჰესი და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები". კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, უსაფრთხოებისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოების წევრებმა. დისკუსიას ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები და ეკონომისტები.
დებატებში მონაწილეობა მიიღეს ხუდონჰესის პროექტის მოწინააღმდეგეებმაც, მათ შორის ენერგეტიკოსმა მირონ ფირცხელანმა, რომელმაც თავის კოლეგებს მიმართა:
"თქვენ ამბობთ, რომ საქართველოში წყალუხვი მდინარეები გვაქვს და უნდა ავითვისოთ. გეთანხმებით, მაგრამ რით განსხვავდება სვანეთში მაცხოვრებელი ადგილობრივი მოსახლეობა თბილისში მაცხოვრებელი ადგილობრივი მოსახლეობისგან? კონსტიტუციის თანახმად, ვინმე მეტყვის განსხვავებას? მაშინ ჩვენ ვამბობთ - ჩვენ ვსვამთ კითხვას - საქართველოში რომელია ყველაზე დიდი წყალუხვი მდინარე? მგონი დიდი გამოცნობა არ უნდა, რომ ეს არის მტკვარი. მოდით, მაშინ, თუ მოსახლეობას არ აქვს მნიშვნელობა, როგორც მიმტკიცებენ, რომ სვანები უნდა გადასახლდნენ იმისათვის, რომ ქვეყანას, სახელმწიფოს ასე სჭირდება, მაშინ მოდი გავაკეთოთ ასე და ეს თეორიულად დამუშავებულია: აგერ ნარიყალა, ორთაჭალაში, 200 მეტრიანი კაშხლის აშენების შემთხვევაში, 4 ათასი მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურს მივიღებთ... მაგრამ უნდა გადასახლდეს იქიდან მოსახლეობა. თანახმანი იქნებიან თბილისელები, რომ მიატოვონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები? თავისი ეკლესიები? თავისი სასაფლაოები? და კიდევ მეორე, გვიმტკიცებენ, რომ აი, ჩვენ რომ მოგვთხოვოს სახელმწიფომ, რომ აი, ჩვენი პირადი ქონება, ჩვენი საფლავები დავთმოთ, დავთმობთო... მაშინ მოდი ჯერ თქვენ გვიჩვენეთ მაგალითი.
როდესაც საუბარია ფასეულობებზე, მათ მოფრთხილებასა და დაცვაზე, სვანეთში ეკლესია იტბორება და მაინტერესებს, რამდენ მილიონად შეიძლება უღირდეს სახელმწიფოს იგივე სვეტიცხოველის დატბორვა" _ განაცხადა მირონ ფირცხელანმა.