თიბისი ბანკისა და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორებმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ და გიორგი არველაძემ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
ხელშეკრულების ფარგლებში მოხდება ორი ბანკის საპროცესინგო სისტემების ერთმანეთთან პირდაპირი დაკავშირება, რაც მათ საშუალებას მისცემს ერთმანეთის მომხმარებლების მიერ განხორციელებული ტრანზაქციები შეასრულონ საერთაშორისო საგადახდო სისტემების გარეშე.
ბანკების საპროცესინგო სისტემების პირდაპირი ჩართვა საქართველოში უპრეცედენტოა და მისი საშუალებით ორივე ბანკს შესაძლებლობა მიეცა, მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა ბანკომატებისა და პოს ტერმინალების ბევრად ფართო ქსელი და საგრძნობლად შეემცირებინა ასეთი ქსელით სარგებლობის ტარიფები.
კერძოდ, ამ თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისი ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ, დამატებით ისარგებლონ ლიბერთი ბანკის 340 ბანკომატით, მათთვის თიბისი ბანკის ბანკომატებიდან თანხის განაღდებისას მოქმედი ტარიფებით, ხოლო 2014 წლის 1 მარტიდან ლიბერთი ბანკის მომხმარებლებიც შეძლებენ, ისარგებლონ თიბისი ბანკის 260 ბანკომატით, თანხის განაღდების ლიბერთი ბანკში არსებული ტარიფებით.
ბანკები მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტისა და უფრო დაბალი ტარიფების შეთავაზების მიზნით თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავენ.