დღეს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ესტუმრება.
გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ერევნის საერთაშორისო აეროპორტში 10:30 საათზე ჩავა.
ქვეყნის პირველი პირი ერევანში თავის სომეხ კოლეგას სერჟ სარგსიანს შეხვდება, რის შემდეგაც ორივე ქვეყნის ლიდერი მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.
პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარქისიანის სამუშაო სადილი გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარეს ოვიკ აბრამიანსაც შეხვდება.
ხვალ კი პრეზიდენტი უმაღლეს პატრიარქს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს შეხვდება.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე და პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობების მრჩეველი ივანე მაჭავარიანი, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ზურაბ აბაშიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, რუსლან პოღოსიანი და ენზელ მკოიანი.
საქართველოს პრეზიდენტი და ქართული დელეგაცია საქართველოში 28 თებერვალს დაბრუნდება.