საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „მეღვინეობა ხარებას“ ორგანიზებით, ტურისტულ კომპლექსში ,,გვირაბი“ UNESCO-ს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებას და წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
საზეიმო მიღებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესწრებოდა. მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში ღვინის კულტურა უძველესი და უნიკალურია. "ეს არის ის იდენტობა, რომლითაც ვამაყობთ, რომლითაც შევდივართ ევროპაში და რომლითაც ვამდიდრებთ მსოფლიო ცივილიზაციას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ღონისძიებას ესწრებიოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, კულტურის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასწრების მიზნით, საქართველოში ჩამოვიდა ფრანგი მეცნიერი, მსოფლიოში ცნობილი ენოლოგი ჰერვე რომატი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ქვევრის ღვინის მსოფლიო აღიარების შესახებ მოკლე ისტორია გააცნო და საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ესაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში, ,,მეღვინეობა ხარებას“ აღმასრულებელმა დირექტორმა მერაბ გაბუნიამ სტუმრებს ,,გვირაბი“ დაათვალიერებინა, სადაც სხვადასხვა სახეობის და დაძველების ბოთლის ღვინის უნიკალური ნიმუშებია წარმოდგენილი. გაიმართა ქვევრის ღვინის დეგუსტაციაც. სტუმრებს „მეღვინეობა ხარებას“ მიერ წარმოებული ცხრა დასახელების ღვინისა და სხვადასხვა ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის დაგემოვნების საშუალება მიეცათ.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ფოლკლორული ანსამბლი ,,ბასიანი“ და კიდევ უფრო საზეიმო განწყობას ქმნიდა. ტურისტულ კომპლექსში მოეწყო ცნობლი ქართველი რეჟისორის მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც, რომელიც ეძღვნებოდა ქართული ქვევრის ღვნის წარმოებას. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებულ ქართული ღვინის ჭურჭლის ნიმუშებსა და არქივში დაცულ ისტორიული ფოტომასალის გამოფენას.