სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" ამ წუთებში მიმდინარეობს კონფერენცია თემაზე: "ხუდონჰესი და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები." კონფერენციაში მონაწილეობენ თავდაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ეკონომიკის სამინისტროებიდან; წარმომადგენლები პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტიდან, ასევე, უსაფრთხოებისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოებიდან.
აღნიშნულ კონფერენციას ესწრება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია.
"ჩემს კომენტარს მხოლოდ ორი სიტყვით გეტყვით. მე აქ მოვედი მხოლოდ ერთი რიგითი მოქალაქე, რათა გავეცნო პროფესიონალების ხედვას. საერთო ჯამში მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა ამ კვლევას აქვს ჭეშმარიტება, ჭეშმარიტების საფუძველი. იცით, რომ სახელმწიფოს თავისი პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული და შედეგს კონსენსუსის გზით უნდა მივაღწიოთ. გულწრფელად გეუბნებით, თავად ვარ იმ პროცესში, რომ ასეთი შეხვედრებით დავინახო დადებითი და უარყოფითი მხარეები" _ განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
კითხვაზე, თემის მნიშვნელობიდან და დღევანდელი შეხვედრიდან გამომდინარე, შესაძლოა თუ არა ამ თემის განხილვა თქვენს კომიტეტშიც მოხდეს? _ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა:
"თუ ამის საჭიროება იქნება, არაა გამორიცხული, რომ მსგავსი შეხვედრა ჩავატაროთ"
ღონისძიება იმართება არასამთავრობო ორგანიზაციების "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივისა" და "სამხედრო-ანალიტიკური კვლევების ცენტრის" ორგანიზებით.