ხუდონჰესის პროექტის განხორციელების ირგვლივ კამათი კვლავ არ წყდება. თუმცა, ერთ ასპექტში მომხრეებიცა და მოწინააღმდეგენიც უპირობოდ თანხმდებიან: საქართველოს აუცილებლად ესაჭიროება დამატებითი ენერგიის წყარო, წინააღმდეგ შემთხვევაში, რამოდენიმე წელიწადში დენის ტარიფი ან მნიშვნელოვნად გაიზრდება, ან ჩვენს ქვეყანას ჩაბნელება და გასული საუკუნის 90–იან წლებში დაბრუნება ელოდება.
ნიკო ლეკიშვილი, გადამხდელთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე:
„ხუდონჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს, რადგან ის ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. ეკოლოგიური კატასტროფა არ მოხდება. მოსახლეობა მიიღებს ისეთ კომპენსაციას, რომელიც დააკმაყოფილებს მათ მატერიალურ დანაკარგას. ეს იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე ასეთ დროს გაიცემა. გარდა ამისა, მიიღებენ უკეთეს პირობებს, ვიდრე ახლა არიან, გაკეთდება გზები, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა. ამის შედეგად ძალიან დიდ შემოსავალს მიიღებს ადგილობრივი ბიუჯეტი. მე ვთვლი, რომ ყველა პროექტი, რაც კი არის ენერგეტიკაში უნდა განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ეს უნდა განხორციელდეს ძალიან სერიოზული შესწავლის შემდეგ. ხუდონი ძალიან კარგად არის შესწავლილი და აუცილებლად უნდა აშენდეს.“
მირიან წიკლაური, პარლამენტის წევრი, ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი:
„პირადად მე გიგანტური მშენებლობების წინააღმდეგი ვიყავი, ვარ და ვიქნები. მაგრამ, რაც შეეხება ხუდონჰესს, რომელიც ექსპერტების თქმით, გიგანტური არ არის, უნდა აშენდეს. თუ ხუდონჰესი აშენდება, ეს გაზრდის ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობას, რაც ქვეყნის ეკონომიკას ნამდვილად სჭირდება. ეს ასევე გაზრდის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას, ეს მიზეზები საკმარისია იმისათვის, რომ ხუდონი აშენდეს. მაგრამ აქ აუცილებელია მოხდეს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და მათი დაკმაყოფილება.“
ფატი ხალვაში, პარლამენტის წევრი, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი: „ენერგეტიკის სპეციალისტი არ ვარ და ამ კუთხით არასდროს მიმუშავია, ამიტომ ამა თუ იმ ჰესის მშენებლობაზე კონკრეტული პასუხის გაცემა გამიჭირდება. თუმცა, როგორც დარგის სპეციალისტებისგან ვიცი, ხუდონჰესის მშენებლობა აუცილებელია, რადგან ამით გაიზრდება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა. საქართველოს ელექტროენერგია სჭირდება, შესაბამისად, ამ კუთხიდან თუ შევხედავთ საკითხს, ხუდონი უნდა აშენდეს.“