თიბისი ბანკი „ასავალ-დასავალს“ ახალი სარჩელით უპასუხებს

თიბისი ბანკი „ასავალ-დასავალს“ ახალი სარჩელით უპასუხებს

როგორც უკვე ცნობილია, 21 თებერვალს თიბისი ბანკმა  სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, გაზეთ “ასავალ-დასავალის” და ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ, ამავე გაზეთის რამდენიმე ნომერში ბანკისა და მისი ხელმძღვანელის, მამუკა ხაზარაძის შესახებ გამოქვეყნებული ცრუ და შეურაცხმყოფელი სტატიების გამო.

მოსარჩელეები მოითხოვენ „ასავალ-დასავალის“ მიერ გამოქვეყნებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის სახით 160,000 ლარის ანაზღაურებას, რომელიც ბანკის გადაწყვეტილებით, თავისუფალი ჟურნალისტიკის განვითარების საქმეს მოხმარდება.

ამავე დღეს ბანკმა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა ამის თაობაზე, სადაც აღნიშნავდა, რომ ბანკის და მისი ხელმძღვანელი პირების შესახებ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნების ნებისმიერი შემთხვევსას, მოითხოვს ამ ინფორმაციის გამავრცელებელი გაზეთის დღის ტირაჟის სრულ ამონაგებს  მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.

მიუხედავად ამისა, გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მაინც აგრძელებს მიზანმიმართულ, ბინძურ ცილისწამებას თიბისი ბანკის და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ. ამას დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებული “სტატიები” მოწმობს, სადაც მოყვანილი „ფაქტები“ და ვერსიები ყოველგვარ ფანტაზიას სცილდება და აკვიატებული ბოდვის ელემენტებს შეიცავს. უფრო მეტიც, თიბისი ბანკი არ გამორიცხავს, რომ გაზეთის ეს ბინძური კამპანია გაგრძელდეს და კიდევ უფრო დიდ აბსურდში გადაიზარდოს, ვინაიდან აშკარაა, რომ „ასავალ-დასავალს“ სრულიად დაკარგული აქვს რეალობის შეგრძნება და სჯერა, რაც უფრო მეტ სიცრუეს და ცილისწამებას გამოაქვეყნებს, მით უფრო დაარწმუნებს ადამიანებს საკუთარ „სიმართლეში“. ამ საქმიანობას თავისუფალ ჟურნალისტიკასთან კავშირი არ აქვს.

თიბისი ბანკი არ აპირებს „ასავალ-დასავალის“ თითოეულ ცილისწამებაზე პასუხის გაცემას. უბრალოდ გვსურს შევახსენოთ ამ გაზეთს, რომ ყოველ ახალ ცილისწამებაზე ბანკი ახალ სარჩელს შეიტანს მის წინააღმდეგ და ახალი ფინანსური სანქციების დაკისრებას მოითხოვს.  ჩვენ გაგვაჩნია კანონით მონიჭებული უფლება დავიცვათ თავი შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური კამპანიისგან და ამ უფლებას ჩვენ სრულად გამოვიყენებთ.