ადვოკატი მამუკა მდინარაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც for.ge უცვლელად გთავაზობთ:
ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და იურიდიული საზოგადოებების საბჭოს (CCBE) პრეზიდენტმა ალდო ბულგარელიმ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა ოფიციალური წერილით, სადაც ყურადღება გაამახვილა საქართველოში ადვოკატების დაშინებისა და დევნის ფაქტებზე. ერთ-ერთ ეპიზოდად დასახელებულია ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გია ხუხაშვილის მხრიდან ადვოკატ დიმიტრი გაბუნიაზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ასევე სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით, რომლის მიმართაც მუქარას ახორციელებდა სახელმწიფო მოხელე, რომელმაც დავის მოგვარების მიზნით ანონიმურად ჩაიწერა ორი მხარის ადვოკატების შეხვედრა და შემდეგ გადასცა აღნიშნული ჩანაწერი მესამე მხარეს. ამ ორიდან ერთ-ერთი ადვოკატი იყო დიმიტრი გაბუნია“.
ამრიგად, ევროპის ადვოკატთა ორგანიზაციამ, რომელიც მილიონამდე ადვოკატს აერთიანებს, დაგმო გია ხუხაშვილის საქციელი. უფრო მეტიც - მან საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს თხოვნით მიმართა, რათა შეისწავლონ ადვოკატთა დაშინების დასახელებული ფაქტები და დააყენონ ადვოკატების მიმართ შეურაცხყოფისა და ძალადობისათვის ყველა დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი.
საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ გასული წლის 17 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, რათა დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა გია ხუხაშვილის მიმართ მისი მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების, კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის და ადვოკატის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო.
იმავე პერიოდში ჩავერთე ამ საქმეში, როგორც დიმიტრი გაბუნიას ადვოკატი. ვიმედოვნებ, რომ ევროპელ ადვოკატთა წერილი კიდევ ერთი გასათვალიწინებელი ფაქტორი იქნება საქართველოს პროკურატურისათვის, რათა დაიწყოს და ბოლომდე იქნას მიყვანილი გამოძიება ადვოკატზე ზეწოლისა და სამოხელეო დანაშაულის ხსენებულ ფაქტზე.