ქართული ბიზნესი ქართული სპორტის  გვერდით!

ქართული ბიზნესი ქართული სპორტის გვერდით!

გია გოგოლაძე: „ბიზნესის ჩართულობა სპორტში ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა...“

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.  ქართველ სპორტსმენებს გვერდში ქართული ბიზნესიც უდგას, ამის პირველი მაგალითი კომპანია "წყალი მარგებელსა" და საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმია. შეთანხმების შედეგად, კომპანია "წყალი მარგებელი", რომელიც ქართულ ბაზარზე ცნობილია მინერალური წყლებით "ნაბეღლავი" და "ბახმარო", ქართველი მძლეოსნების პლატინის სპონსორი იქნება. წინ კი, რთული ტურნირებია, ჯერ 2014 წლის ევროპის მძლეოსნობის გუნდური ჩემპიონატი და შემდეგ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ორივე მხარე იმედოვნებს, რომ თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდება და ქართველი სპორტსმენები საკუთარ თავს მაქსიმალურად წარმოაჩენენ.

“ჩვენი კომპანია დაარსების დღიდანვე საკმაოდ აქტიურად უჭერს მხარს ქართულ სპორტს და ზოგადად, ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას, ჩვენი მისიაა, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს ახალგაზრდობა მსგავსს აქტივობებში და შესაბამისად მოხდეს ქართველებისთვის ტრადიციული, თუმცა ამჯერად ნაკლებად პოპულარული სპორტის სახეობების მხარდაჭერა.  17 წლის მანძილზე ჩვენი კომპანია სხვადასხვა აქტივობებით ცდილობდა წაეხალისებინა სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, მრავალჯერ ვყოფილვართ შეჯიბრებებისა თუ ფესტივალების სპონსორები, კომპანიის თანამშრომლებიც შესაბამისად უფრო ჩართულები არიან სპორტულ აქტივობებში,” – აღნიშნავს კომპანია „წყალი მარგებელის“  დირექტორი გია გოგოლაძე.

ბატონო გია,  კომპანია „წყალი მარგებელი“ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის  და „ევროპის მძლეოსნობის 2014 წლის გუნდური ჩემპიონატის მე-3 ლიგის“ პლატინის სპონსორიც იქნება...

მოგეხსენებათ, რომ ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიებაა, გამორჩეულია წლევანდელი ფესტივალი იმ კუთხით, რომ მისი ჩატარების ადგილად თბილისი აირჩიეს, ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა როგორც  ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ქალაქისთვის და ზოგადად მოსახლეობისთვის, არამარტო სპორტული, არამედ ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობით. თბილისი თანდათანობით კავკასიაში სპორტული აქტივობების რეგიონალურ ცენტრად ყალიბდება, ვითარდება სპორტის სხვადასხვა სახეობა  და შენდება თანამედროვე სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურა. ასეთ პირობებში ჩვენი ხედვაა რომ ქართული ბიზნესი აუცილებლად გვერდში უნდა ამოუდგეს მსგავს წამოწყებებს. ინვესტიციის ჩადება და დახმარება დღევანდელი მდგომარეობით ყველაზე მეტად სჭირდება განათლების სისტემასა და სპორტს,„წყალი მარგებელი“ ორივე მხრივ ცდილობს ხელი შეუწყოს ამ დარგების განვითარებას. გარდა სპორტული მხარისა გასათვალისწინებელია კულტურული და საერთაშორისო ფაქტორებიც, ვინაიდან მსგავსი აქტივობები ყოველთვის ზრდიდა და ხელს უწყობდა ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო თანამეგობრობაში, კულტურული თვალსაზრისით კი ჩვენს ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ გაეცნონ თავიანთ თანატოლებს სხვადასხვა ქვეყნიდან და დამეგობრდნენ მათთან.

ასეთი ტიპის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა ალბათ კომპანიისთვისაც დიდი პასუხისმგებლობაა?

დასაწყისშივე ავღნიშნე რომ ჩვენი კომპანიისა და მისი ბრენდების მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, მსგავსი აქტივობების გამართვა კი საშუალებას გვაძლევს ჩვენი მისიის რეალურად განხორციელებაში. ეს მართლაც დიდი პატივი და პასუხიმგებლობაა კომპანიისთვის და მისი ყველა თანამშრომლისთვის, ჩვენი მხრივ კი ვიტყვი რომ ჩვენი მხარდაჭერა არ შემოიფარგლება მხოლოდ ახალგაზრდული ფესტივალის სპონსორობით და მომავალშიც გაგრძელდება.

მატერიალურ დახმარებასთან ერთად, რა მისია აქვს თქვენს ჩართულობას ამ საქმეში?

ბიზნესის ჩართულობა სპორტში ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. სპორტულმა სამყარომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ამგვარი თანამშრომლობა ორივე მხარისათვის ხელსაყრელი იყოს.  შეიძლება ითქვას რომ მატერიალური დახმარება ჩვენი შეთანხმების ერთ-ერთი თუმცა არა მთავარი ფაქტორია, ღონისძიებისთვის მოსამზადებელი მთელი პერიოდის განმავლობაში „წყალი მარგებელი“ თავისი არხებითა და სრული დატვირთვით ეცდება ფესტივალის ფრომოუშენსა და ახალგაზრდებში ამ შეჯიბრებების შესახებ ცნობადობის გაზრდას, მეორე მხრივ კი მუდმივად ვაგრძნობინებთ ღონისძიების ორგანიზატორებს, რომ მუდმივად მათ გვერდით ვართ და ჩვენი სახით საიმედო პარტნიორი აირჩიეს.