ბოლო პერიოდში ქართულ საზოგადოებასა თუ მედიაში განსაკუთრებული აჟიოტაჟია ატეხილი ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. საზოგადოების და სპეციალისტების გარკვეული ნაწილი პროექტს საკმაოდ დადებითად აფასებს და თვლის, რომ ქვეყნის ეკონომიკისა და ენერგოდამოუკიდებლობისათვის ხსენებულ პროექტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. გარემოსდამცველების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში სვანეთის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დადგება. თუმცა, პროექტის შესახებ მოსაზრებები ერთგვაროვანია, რომ ხუდონის მშენებლობა საქართველოს ენერგეტიკისთვის საბაზისო პროექტია. ამ რესურსების ათვისების გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა, ხოლო საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე ფიქრიც კი ზედმეტია.
ამ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრება გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ემილ წერეთელი.
რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ხუდონის მშენებლობის შედეგად მიღებული სარგებელი?
ყველა სახელმწიფოს ეკონომიკის ზრდის საფუძველთა საფუძველი სათბობ-ენერგეტიკული მრეწველობაა. საქართველოში სათბობ-ენერგეტიკული მრეწველობის მთავარი პრობლემა სათბობი რესურსების მარაგის შეზღუდულობა გახლავთ. მისი ტრადიციულად შეზღუდული ბალანსი შეიძლება იქნეს შევსებული მხოლოდ ადგილობრივ ჰიდრორესურსებზე დაყრდნობით, რომელიც უდიდეს ეროვნულ სიმდიდრეს წარმოადგენს, თუმცა დღეისათვის გამოყენებულია მხოლოდ 15%-მდე. მიუხედავად იმისა, რა ტიპისა და სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, ყოველი კონკრეტული ობიექტის მშენებლობა უნდა იქნეს დაფუძნებული ასათვისებელი ტერიტორიის გეოლოგიური გარემოს, ლანდშაფტურ-ეკოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის შესწავლა-შეფასების და ფაქტების ყოველმხრივი გაანალიზების საფუძველზე დაყრდნობით.
რას ფიქრობთ ხუდონის მშენებლობის მოწინააღმდეგე ოპონენტთა მოსაზრებაზე, რომლებიც უკვე აღარ ეწინააღმდეგებიან პროექტს, მაგრამ აცხადებენ, რომ ის მინიშნებული ადგილიდან 5 კილომეტრის დაშორებით უნდა აშენდეს.
ხუდონის წყალსაცავის დაპროექტების გეოგრაფიული მდებარეობა კარგად არის შერჩეული ღრმა ხეობაში, რის გამოც ტერიტორიის ნაკლები ფართობი იფარება წყლით და მიკროკლიმატურ ცვლილებებს ექნება მხოლოდ ადგილობრივი ზემოქმედება. ამასთან დაკავშირებით ერთი ისტორია მახსენდება. გასულ საუკუნეში, როდესაც ხუდონის მშენებლობის პროექტზე მიდიოდა მუშაობა, შვეიცარიიდან და ავსტრიიდან ამ საქმის სპეციალისტები მოიწვიეს. როდესაც ისინი პროექტს გაეცნენ, გაოცებულებმა იკითხეს – ამ დარგის კვალიფიციური სპეციალისტები აქვე გყოლით თქვენ და ჩვენ რიღასთვის მოგვიწვიეთო? მათ ასევე დადეს დასკვნა, რომ ხუდონჰესის მშენებლობისათვის სწორედაც რომ საუკეთესო და ხელსაყრელი ადგილი იყო შერჩეული. აქედან გამომდინარე, წყალსაცავისათვის ადგილის შეცვლა ზარალის მეტს სახელმწიფოს არაფერს მოუტანს. წარმოიდგინეთ, რა რაოდენობის სახსრები გახდება საჭირო ახალი ტერიტორიის შესასწავლად. აქ ხომ უამრავი კვლევა უნდა ჩატარდეს – გეოლოგიური, სეისმური და ასე შემდეგ. ეს კი დროსთან და მილიონობით ლართან და უამრავ პრობლემასთან არის დაკავშირებული. მით უმეტეს, რომ არ მინახავს არანაირი პროექტი, რომელიც ჰესის სხვა ადგილას აშენებას ითვალისწინებდეს.
დღეისათვის ‘’ხუდონჰესის’’ მშენებლობასთან დაკავშირებით მრავალი პოზიტიური და დადებითი დასკვნა არსებობს, როგორც საერთაშორისო კომპეტენტური ექსპერტების, ასევე ეროვნული სპეციალისტების მხრიდან. თუმცა, ვფიქრობთ, მრავალი ობიექტური და სუბიექტური პირობებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ საჭიროებს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების არსებული ანგარიშების სრულფასოვან გადამოწმებას და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვებასა და ანალიზს.
თქვენ ახსენეთ, რომ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ხუდონჰესის მშენებლობის შეჩერებამ გარემოსაც გარკვეული ზიანი მიაყენა.
‘’ხუდონჰესის’’ პროექტის რეალიზაცია 50 წლის წინ დაიგეგმა. სამშენებლო პროექტი დამუშავდა მაღალ მეცნიერულ დონეზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე და პრაქტიკულად, საინჟინრო მშენებლობა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. განხორციელდა მნიშვნელოვანი მიმართულების საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება 200 მილიონ დოლარს აღემატება. 1990 წლის დასაწყისიდან მშენებლობა შეჩერდა. მშენებლობის შეჩერების შემდეგ მიწის გამონამუშევრებისა და ტრანსფორმირებული რელიეფის კონსერვაცია-გამაგრებითი სამუშაოები არ განხორციელებულა, ამიტომაც დღეისათვის მისი გეოდინამიკური და გეოეკოლოგიური მდგომარეობა ძლიერ გართულებულია. თუ ასე გაგრძელდება, ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება, რომლის რეაბილიტაციას დასჭირდება მილიონები. მისი გეოეკოლოგიური გაჯანსაღების ერთადერთ რეალურ პირობად გვესახება ‘’ხუდონჰესის’’ მშენებლობის გაგრძელება.
გარდა ფინანსური სარგებლისა და ენერგოდამოუკიდებლობისა, კიდევ რა სარგებლის მოტანა შეუძლია ხუდონჰესს?
‘’ხუდონჰესის’’ საინჟინრო კვანძის აშენების შემდეგ პრაქტიკულად შეწყდება ‘’ჯვრის’’ წყალსაცავში მდინარე ენგურიდან მყარი ნატანის შემოტანა, რითაც პრაქტიკულად მნიშვნელოვნად გაიზრდება ‘’ენგურჰესის’’ ექსპლუატაციის პერიოდი, ამავე დროს საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მდინარის ჩამონადენის რეგულირება.