ხუდონჰესის პროექტის განხორციელების ირგვლივ კამათი კვლავ არ წყდება, თუმცა, ერთ ასპექტში მომხრეებიცა და მოწინააღმდეგენიც უპირობოდ თანხმდებიან: საქართველოს აუცილებლად ესაჭიროება დამატებითი ენერგიის წყარო, წინააღმდეგ შემთხვევაში, რამოდენიმე წელიწადში დენის ტარიფი ან მნიშვნელოვნად გაიზრდება, ან ჩვენს ქვეყანას ჩაბნელება და გასული საუკუნის 90–იან წლებში დაბრუნება ელოდება.
პაატა კვიჟინაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:
ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემა დადებითად გადაწყდება, თუ მოსახლეობის ინტერესებს გაითვალისწინებენ და ეს ხალხი არ დაზარალდება. ეს არის ყველაზე მტკივნეული საკითხი, რომელიც პროექტის განხორციელებას აფერხებს. ხალხთან დიალოგი უნდა გაიმართოს, რაც ფაქიზ მიდგომას საჭიროებს. საქართველოს ეკონომიკას და ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს ხუდონჰესი რომ წაადგება, არავინ დავობს. საუბარია იმაზე, რომ მოსახლეობა დარჩეს კმაყოფილი.
რაც შეეხება სახალხო კრების როლს ამ პროექტის გადაწყვეტაში, არ ვეთანხმები. ყოველთვის ვარ წინააღმდეგი კრებებისა და ემოციური გადაწყვეტილებების. საკითხის ასე დასმა არასწორადაც მიმაჩნია.
ანი მიროტაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:
ისეთი არადამაჯერებელი არგუმენტები მესმის ორივე მხრიდან, რომ არ არის საკმარისი, რომ რომელიმე მხარეს გადავიხარო. შესაბამისად ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრს ვფიქრობ. თუ საკითხი დადგა ისე, რომ ამან შეიძლება უფრო მეტად დააზარალოს ჩემი ქვეყანა, ვიდრე სარგებელი მოუტანოს, რა თქმა უნდა ამის წინააღმდეგი ვიქნები. თორემ ის, რომ ინვესტიცია უნდა შემოვიდეს ქვეყანაში და ეს სტაბილურობის და ეკონომიკური აღმავლობის გარანტია, ეს ფაქტია და ამას ვეთანხმები. მაგრამ თუ დადგება საკითხი ასე - ენერგეტიკული სტაბილურობა თუ ჩემი ქვეყნის უსაფრთხოება და მოსახლეობის ინტერესები, მე გადავიხრები მეორე მხარეს. ამ ეტაპზე მკვეთრი პოზიცია არ მაქვს, რადგან პროექტს დეტალურად არ ვიცნობ. თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ვითხოვ რომ ყველა დეტალი იყოს თავიდან ბოლომდე გაშიფრული და გაანალიზებული, რათა არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი. მას შემდეგ რაც ყველა დეტალი იქნება გათვლილი და დადებული, ამის მერე მექნება ჩემი მყარი პოზიცია, რომელიც იქნება არგუმენტირებული. ახლა ვყოყმანობ, მეშინია, ეს ხომ არ არის ის თემა, რომელშიც მე ახლა რაღაცეები ვერ გავთვალო და მერე ვინანო, რომ ნეტა ამისთვის მხარი არ დამეჭირა.
შალვა გაგოშიძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ესქპერტი ჰიდრომშენებლობის დარგში:
ხუდონი რომ არ აშენდეს, ეს გამოუსწორებელი შეცდომის დაშვება იქნება საქართველოსთვის. ეს ღმერთისგან ბოძებული სიმდიდრეა და ამის არგამოყენება არ შეიძლება. შვეიცარიაში მთელი მდინარეებია ათვისებული, დიდიც და პატარაც და შესაბამისი კაშხლებია აგებული. უფრო მეტსაც გეტყვით, ტაივანი, რომელიც ისეთ სეისმურ ზონაშია, რომ შეიძლება ითქვას მთელი კუნძული ტორტმანებს, სადაც ცხოვრობს 19 მილიონი მოსახლე, იქ ჰიდროსადგურებიც არის აშენებეული და დამატებით, 4 ატომური ელექტროსადგურიცაა. წარმოგიდგენიათ, საქართველოში ეკოლოგიურ კატასტროფაზე ლაპარაკი, მაშინ როცა ტაივანში, რომელსაც მხოლოდ დასავლეთ საქართველოსხელა ტერიტორია უჭირავს, ამდენი ჰიდროსადგურია და ამასთანავე ატომური სადგურებიც. მადლობა ღმერთს, ჩვენთან არ არის ატომური ენერგოსადგური, მაგრამ არაჩვეულებრივი პირობებია, რომ აშენდეს ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საქართველოსთვის შენაძენი იქნება. ამაზე უარის თქმა არ შეიძლება. ვინც ამბობს რომ ხუდონჰესი არ უნდა აშენდეს, ისინი ინჟინრები არ არიან, ისინი არიან ან ფილოლოგები ან არტისტები.