ცეზარ ჩოჩელი მხოლოდ ჩემი უსაყვარლესი ძმა კი არა, ის ჩემი მეგობარი, დამრიგებელი, პატიოსების, ვაჟკაცობის, სიალალის, სიკეთის ნათელი მაგალითიცაა. მისმა უმცროსმა და-ძმებმა სწორედ მისგან ვისწავლეთ, რომ ადამიანის ფასი არაფერია, თუ ის კეთილ საქმეს არ ემსახურება. ცეზარის წარმატებისთვის (დღეს თუ ამას კიდევ წარმატება ჰქვია) ნატვრით არ მიუღწევია. მართალია, „ლომისი“ - ის მშენებლობა რომ დაიწყეს, მხოლოდ 8 წლის ვიყავი, მაგრამ მეც ჩემი წილი საქმე მქონდა. რადგან დედას პატარა ჰყავდა, შუადღისას სადილი მე მიმქონდა ხოლმე ჩემი ძმებისთვის, სახლიდან თითქმის 2 კილომეტრით დაშორებულ მშენებლობაზე. მახსოვს მათი მძიმე შრომა. კალატოზებიც თვითონ იყვნენ და მლესავებიც, შემდუღებლებიც, ინჟინერებიც. საღამოთი ცემენტში ამოთხვრილები, ისეთი დაღლილ-დაქანცულები მოდიოდნენ სახლში, რომ ჭამის თავიც აღარ ჰქონდათ. დილით 6 საათზე კი კვლავ სამუშაოს უბრუნდებოდნენ. ზოგჯერ მარცხიც განუცდიათ, აშენებული დაუნგრევიათ, შედუღებული მოუხსნიათ და ახლიდან შეუდუღებიათ, მაგრამ დასახული მიზნისათვის არ უღალატიათ. შეუპოვრად აგრძელებდნენ თავიანთ საქმეს. ახლა ზოგს ჰგონია, ეს საწარმოები ჯადოსნური ჯოხის დაქნევით გაჩნდა, მაგრამ ჩვენთვის, ვინც უშუალოდ მომსწრე და მონაწილეც ვართ მათი ტანჯვა-წამების - „ჯოჯოხეთია მოსაგონებლად'.
ცეზარი ხშირად ამბობს, შრომა ადამიანს არაფერს აკლებს, მაგრამ ამ ხელოვნურად შექმნილმა ბარიერებმა კი სიცოცხლე გაგვიმწარაო. იცვლება მთავრობები, ერთი მიდის, მეორე მოდის, მათი დამოკიდებულება მეწარმეებთან არ იცვლება, კონკრეტულად კი ჩოჩელების ბიზნესის დანგრევაში თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან. ცილისწამებას ხომ საზღვარი აღარ აქვს, მით უმეტეს, ამ მხრივ, არცერთი ხელისუფალი არ განიცდის ფანტაზიის დეფიციტს.
გიორგი I -ის არ იყოს: „სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე,მაგრამ ქართველები „აფხაზს' მეძახდნენ, ხოლო აფხაზები-ქართლელების მსტოვარს'. ცეზარის მდგომარეობაც ასეა. 46 წლის არის და აქედან თითქმის 30 წელი მძიმე შრომაში აქვს გატარებული. ის საქართველოსთვის აშენებს და არა რომელიმე კონკრეტული მთავრობისთვის. ნუთუ ამას დამტკიცება სჭირდება?
საბოლოოდ ამ ყველაფერმა ცეზარის საკმაოდ შეურყია ჯანმრთელობა, მაინც არ ჩერდება, ისევ ძველებურად აგრძელებს სამუშაო ადგილების შექმნაზე ზრუნვას, მიუხედავათ იმისა, რომ თვითონაც ხვდება და ჩვენც ვიცით რომ ,,ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს' და თუ ,,სამეფო კარმა' არ მოინდომა,რაც არ უნდა ნიჭიერი, გამოცდილი, ქვეყნისთვის თავდადებული იყოს ადამიანი, გასაქანს არ მისცემენ. სამაგიეროდ აქტუალური იქნება „სოფლის შენებას რა უნდა' და რუკაზე ასობით საწარმოს შექმნა, უკვე აშენებული კი - დანგრევის,გაპარტახების მოლოდინშია.
ცეზარს მტერი არასოდეს აკლდა, მაგრამ მეგობრები უფრო მეტი ჰყავს. იგი ყოველთვის არის მათთვის ერთგულების და თავდადების მაგალითი. მას თუ უყვარს , მართლა უყვარს. ასეთია ოჯახში და ასეთია გარეთაც. თვითონ რომ უკადრის საქციელს არ ჩაიდენს, სხვისგანაც არ იჯერებს. ყოფილა შემთხვევა, ახლობლებს ეჭვი შეგვპარვია ვიღაცის გულწრფელობაში, ცეზარს არათუ დაჯერება, მოსმენაც არ სურდა. ყოველთვის გვარიგებს, თუ ერთხელ გულში სიძულვილი შეუშვით, შემდეგ ამ გრძნობას ვერ მოიცილებთო. თუ ვინმე აწყენინებს, ცოტა ხანს გაბრაზდება, 2-3 დღეში ივიწყებს და ჩვეულ ურთიერთობას აგრძელებს - ისედაც ხანმოკლე წუთისოფელი გვაქვს და ისიც თუ მტრობაში გავატარეთ, საქმე როდისღა ვაკეთოთო.
ასეთი შემთხვევაც იყო, როცა „მეგობრად“ შემოპარული მტერი, მის ოჯახში მასპინძელივით იქცეოდა. ოჯახის წევრები ვგრძნობდით ამას, მაგრამ ცეზარი ვერ დავაჯერეთ მანამ, სანამ ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდა. მასთან ამ საკითხზე აღარ ვსაუბრობთ, აღარ გვინდა უფრო მეტად ვატკინოთ გული, სადაც მხოლოდ სიყვარულია და მტრობისთვის ადგილი არ არის.
იმედია, ახლა მაინც ისწავლის მტრისა და მოყვრის გარჩევას და ყველას არ გაუღებს თავის გულის და სახლის კარს.
ჩემო საყვარელო ძამიკო, როგორ მინდა, რომ ყველა ისე გიცნობდეს, როგორც მე, მაშინ ხომ ეჭვიც კი არავის შეეპარებოდა შენს პატიოსნებაში. გამაგრდი, არ შეიძლება ღმერთმა შენნაირი ადამიანი ტანჯვისთვის გაწიროს. ისე თუ სიკეთისთვის, შენებისთვის, სხვებზე ზრუნვისთვის შეიძლება ადამიანი დაისაჯოს, მაშინ დაგვსაჯონ მთელი ოჯახი, რადგან ჩვენც თანამონაწილენი ვართ შენი საქმეების.