ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი დასაქმებასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს ეხმაურება. ჩოჩელი მიიჩნევს, რომ დასაქმებასა და ბიზნესისთვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე ხმამაღლა საუბარი მისასალმებელია, თუმცა, საგამოძიებო სამსახური საპირისპირო პოლიტიკას ახორციელებს, როცა საკუთარი ქმედებებით დასაქმებულებს უსამსახუროდ ტოვებს.
„ნუთუ, არ იცის ხელისუფლებამ, რომ მხოლოდ ჩვენს ჯგუფში შემავალი კომპანიებიდან, საგამოძიებო სამსახურის „დამსახურებით“ უმუშევრად დარჩა ათასობით ადამიანი? იგივე სამსახურის „დამსახურებით“ გაკოტრების პირას არის მიყვანილი ევროპაში საუკეთესოდ მიჩნეული რამდენიმე ქარხანა? ამასთან, მართლა მაინტერესებს, იცის თუ არა დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომ ჩვენთან დასაქმებული ადამიანები და მათ შორის, ისინი, რომლებიც არსებული სიტუაციის გამო დარჩენენ უმუშევრად, საქართველოს მოქალაქეები და მათი ამომრჩევლები არიან?“- სვამს კითხვებს ბიზნესმენი.