22 თებერვალს, მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავის გახსნის პროცესზე დასწრების მსურველთა დიდი ნაკადის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეების უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად გარკვეული შეზღუდვები დააწესა. შსს-ს განცხადებას for.ge უცვლელად გთავაზობთ:
1. 22 თებერვლის 09:00 საათიდან 24 თებერვლის 12:00 საათამდე:
ა) თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრიდან (გლდანის ხიდები, ძველი ავტ. ბაზრობის ჩასახვევი) დასავლეთის მიმართულებით, ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისათვის მოძრაობა აკრძალული იქნება.
ბ) ასევე გადაიკეტება ქალაქ მცხეთაში შესასვლელი და გამოსასვლელი ყველა შემოვლითი გზა;
გ) თბილისიდან დასავლეთში მიმავალი ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალება ავჭალა-ზაჰესი-მცხეთის შემოვლითი გზით ისარგებლებს (გლდანის ხიდები- ძველი ავტ. ბაზრობის ჩასახვევიდან).
დ) დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალება ცენტრალურ მაგისტრალზე შეუფერხებლად იმოძრავებს.
2. შაბათ-კვირას, დილის 06:00 საათიდან მცხეთაში წამსვლელთათვის თბილისიდან უფასო ავტობუსები გავლენ - ვაგზლის მოედნის ("თბილისი ცენტრალის" წინ მდებარე ავტოსადგომიდან), მეტროსადგურ "დიდუბის" (ზედა გასასვლელი) და ჰიპერმარკეტ "გუდვილის" (დიდ დიღომში) მიმდებარე ტერიტორიიდან.
3. დასავლეთ საქართველოდან მცხეთაში ჩასვლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ თბილისში, "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერონ საკუთარი ავტომობილები და სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით გაემგზავრონ მცხეთაში;
4. ასევე სრული დატვირთვით იმუშავებს რკინიგზა თბილისი-მცხეთის მიმართულებით.
იმისათვის, რომ არ მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევები და პოლიციამ შეძლოს ხალხის ნაკადის მოწესრიგება, შინაგან საქმეთა სამინისტრო საფლავის გახსნის პროცესზე დასწრების მსურველებს მოუწოდებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, ხელი შეუწყონ მათ წესრიგის დაცვაში და პოლიციასთან ერთად კოორდინირებულად იმოქმედონ.