ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის - “საქართველო 2020” პირველადი ვარიანტი უკვე გასაჯაროვდა. მთავრობა 2020 წლისათვის ამბიციურ მიზნებს ისახავს. მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლი. თუ დღეისათვის ეს მაჩვენებელი 5 811 ლარს შეადგენს, “საქართველო 2020”–ის გეგმის მიხედვით მომდევნო 7 წელიწადში ეს ციფრი 13 000 ლარამდე გაიზრდება, რაც არსებულის 2,2–ჯერ ზრდას გულისხმობს. ასეთი ოპტიმისტური პროგნოზის რეალიზაციას ძალიან რთულ ამოცანად მიიჩნევს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე–პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი.
„თუ მთავრობას მართლაც სურს 2020 წლისთვის საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 13 ათას ლარამდე გაიზარდოს, ამისათვის ჩვენ ყოველწლიურად ეკონომიკის ორნიშნა ზრდა უნდა გვქონდეს, რაც ადვილი მისაღწევი არ იქნება. ამისათვის დიდი ოდენობით უცხოური ინვესტიცია და უამრავი ახალი საწარმოს გახსნა იქნება საჭირო. ამასთან ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს რას გამოიწვევს ეკონომიკის სწრაფი ზრდა. ასე მაგალითად, თუ ეკონომიკა მომდევნო 7 წელიწადში 2,2–ჯერ (220 %–ით) გაიზარდა, ქვეყანაში ენერგეტიკაზე მოთხოვნა, მინიმუმ ორჯერ გაიზრდება. ჩვენ უკვე დღეს გვაქვს ელექტროდეფიციტი, საკითხავია რით უნდა მოხდეს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება. შესაბამისად, მთავრობას თუ სურს, რომ ეკონომიკა სწრაფად გაიზარდოს არა მხოლოდ ხუდონჰესის (რომლის გარშემოც ახლა დავა მიმდინარეობს), არამედ სხვა მრავალი მცირე და დიდ კაშხლიანი ჰესების აშენება მოუწევს“, – აღნიშნა მერაბ ჯანიაშილმა.