ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით დაწყებული განსჯა და კამათი დასკვნით ფაზაში შედის. საზოგადოების და სპეციალისტების გარკვეული ნაწილი პროექტს დადებითად აფასებს და თვლის, რომ ქვეყნის ეკონომიკისა და ენერგოდამოუკიდებლობისათვის ხსენებულ პროექტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა პროექტს მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდა, რომლებიც ზოგადად მშენებლობას არა, მაგრამ კონკრეტულ ადგილს აპროტესტებენ და კაშხლის სხვა ადგილას აშენებას ითხოვენ. უკვე შერჩეული ადგილი გეოლოგების, ჰიდროლოგების, სეისმოლოგების და სხვა მრავალი დარგის სპეციალისტების მიერ შესწავლილია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, როცა ამ პროექტის მშენებლობა გადაწყდა და ახლაც. ყველა სპეციალისტის აზრით მშენებლობისთვის შერჩეული ადგილი ყველაზე ოპტიმალურია.
ამ და სხვა საკითხებზე სეისმური საშიშროებისა და მრავლობითი ბუნებრივი კატასტროფების ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი ნინო წერეთელი გვესაუბრება.
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ზოგიერთი ორგანიზაცია ხუდონჰესის პროექტის კრიტიკას დღემდე განაგრძობს. თქვენი აზრით, შექმნის თუ არა ხუდონის მშენებლობა ეკოლოგიურ საფრთხეს. რამდენად სახიფათოა სეისმოლოგიური თვალსაზრისით ამ პროექტის განხორციელება?
ცხადია, რომ ხუდონჰესის მშენებლობის რაიონი არის სეისმურად აქტიური, თუმცა როდესაც ხდება სეისმური საშიშროების ობიექტური შეფასება და მისი გათვალისწინება მშენებლების მიერ, მიწისძვრებიდან მოსალოდნელი საფრთხე ირიცხება, ანუ სეისმური რისკი მცირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, მე და ჩემს კოლეგებს უახლესი ინფორმაცია გვაქვს. თავდაპირველ ანგარიშებში სეისმური საშიშროება არ იყო სწორად შეფასებული. ამის შესახებ ჩვენ ვაცნობეთ ყველა დაინტერესებულ სამინისტროს და ორგანიზაციას და ხელმეორედ, დეტალურად შევისწავლეთ სეისმური საშიშროება. იმ შემთხვევაში, თუ ჰესის პროექტირებისას გათვალისწინებული იქნება ჩვენი რეკომენდაციები და შესაბამისი სამშენებლო ნორმები დაცული იქნება, მიწისძვრებიდან მომდინარე საფრთხე თავიდან იქნება აცილებული.
მოსახლეობა წინააღმდეგი იყო ენგურჰესისა და ჟინვალჰესის მშენებლობისაც, თუმცა ორივე ჰესი აშენდა და ამან საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა მნიშვნელოვნად გაზარდა. წინააღმდეგობას აწყდება ხუდონჰესიც; როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
მე ვფიქრობ, მოსახლეობა არ არის სათანადოდ ინფორმირებული. ხუდონჰესის პროექტი ძალიან კომპლექსური საკითხია და ბევრ დარგს მოიცავს. მისი დამუშავება 50 წლის წინ იმ დროისათვის არსებულ მაღალ მეცნიერულ დონეზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე დაიწყო. ბოლო წლებში ეს სამუშაოები გაგრძელდა უკვე თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით. საჭიროა, ამ სამუშაოებში უშუალოდ ჩართულმა ექსპერტებმა საზოგადოებას გააცნონ თავიანთი აზრი, როგორც მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ყველა არსებულ რისკთან მიმართებაში, ასევე პროექტის მომგებიანი პოტენციალის შესახებ, რომელიც ეფუძნება სამშენებლო ტერიტორიის გეოლოგიურ გარემოს, სეისმურ, ლანდშაფტურ, ეკოლოგიურ, და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის შესწავლის შედეგად მიღებულ კონკრეტულ ფაქტებს. სასურველია, ეს დიალოგი გაიმართოს საჯარო დებატების სახით, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მოსახლეობა და შესაბამისი დარგის ექსპერტები, რომლებიც ჩართულნი არიან თანამედროვე კვლევებსა და პროექტებში.
როგორც ცნობილია, მესტიის რაიონის სოფელ ხაიშის მოსახლეობის ერთი ნაწილი თანახმაა ხუდონის პროექტის განხორციელებაზე. მეორე ნაწილის აზრით კი, ჰესის ადგილმდებარეობა უნდა შეიცვალოს და აშენდეს დაგეგმილიდან 5 კილომეტრის მოშორებით.
მე არ მინახავს ალტერნატიული პროექტი და შესაბამისად გამიჭირდება სრული პასუხის გაცემა. როგორც უკვე მოგახსენეთ, ჰესის მშენებლობა კომპლექსური საკითხია და ის დეტალურად ყველა მიმართულებით უნდა იქნეს შესწავლილი. მაგალითად, იმისათვის რომ გაგცეთ პასუხი, თუ როგორი იქნება სეისმურობა, ხელთ უნდა მქონდეს დეტალური გეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური და სეისმოსაძიებო კვლევები. ასეთი სამუშაოების ჩატარება დამატებითი თანხების გაღებას გულისხმობს, რაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარია. ეს თანხები უკვე გაღებულია შერჩეული მოედნისთვის. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. მშენებლობა აქ უკვე დაწყებულია. როდესაც მშენებლობა შეჩერდა წინა საუკუნის 90-იან წლებში, ტერიტორიის კონსერვაცია-გამაგრებითი სამუშაოები არ განხორციელებულა. რამდენადაც მე ვიცი ჩემი კოლეგებისაგან, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ამ სამუშაოებში, დღეისათვის მისი გეოდინამიკური და გეოეკოლოგიური მდგომარეობა ძლიერ გართულებულია. მომავალში ეს პროცესი რომ არ გაღრმავდეს, აუცილებებლია სარეაბილიტაციო სამუშაოები, რასაც დამატებითი მილიონები დაჭირდება. ამდენად გეოეკოლოგიური გაჯანსაღების ერთადერთი რეალური პირობა ხუდონჰესის მშენებლობის გაგრძელებაა.
ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში, ხუდონჰესის პროექტზე მსჯელობისას, ენერგეტიკოსმა სიმონ ბახტურიძემ სცადა ალტერნატიულ პროექტებზე ესაუბრა. ის საუბრობდა სოფელ ხაიშის ზემოთ, 5 კილომეტრის მოშორებით კაშხლის გადატანაზე. სპეციალისტების აზრით, ამ ტერიტორიაზე გარკვეული პრობლემები არსებობს. კერძოდ კი, ძვრისა და მარცხენა ფერდის პრობლემა.
სპეციალისტების მოსაზრებით, კაშხლის განლაგება ზუსტადაა შერჩეული და მინიშნებულია ის ადგილი, სადაც ხუდონჰესი უნდა აშენდეს.
მე არ მინახავს და არ შემისწავლია დეტალური სეისმურობა ალტერნატიული პროექტისათვის. იქნებ თქვენ გინახავთ ალტერნატიული პროექტი, რომელიც კაშხლის მშენებლობის სხვა ადგილას გადატანას ითვალისწინებდეს? მე მაქვს ინფორმაცია, რომ ხუდონის წყალსაცავის დაპროექტების გეოგრაფიული მდებარეობა ოპტიმალურად იყო შერჩეული ღრმა ხეობაში, რის გამოც ტერიტორიის ნაკლები ფართობები იფარება წყლით და მიკროკლიმატურ ცვლილებებს ექნება მხოლოდ ადგილობრივი ზემოქმედება.
დღეს ბევრს საუბრობენ ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რომ სვანეთი დაიტბორება. რამდენად რეალურია ეს საფრთხე?
ხუდონჰესის წყალსაცავის ზედაპირის სარკის ფართობის საპროექტო მნიშვნელობა 5.3 კვ. კმ-ს არ აჭარბებს, რაც რაიონის 0.12 %–ს შეადგენს. სოფ. ხაიშის მოსახლეობა მესტიის რაიონის მოსახლეობის დაახლოებით 5%–ს შეადგენს. შეიძლება ითქვას, რომ გამონათქვამი „სვანეთი დაიტბორება“ გადაჭარბებულია.
რაც შეეხება ეკოლოგიურ კატასტროფას, ჩვენ უკვე გვაქვს ენგურის წყალსაცავი, რომელიც ხუდონჰესის საპროექტო წყალსაცავზე ორნახევარჯერ უფრო დიდია და მას უკანასკნელი 20 წლის უმძიმეს პირობებშიც კი არანაირი სახის კატასტროფა არ მოუტანია. არსებობს მთელი რიგი ნორმატივები, რომლებიც დაცული უნდა იქნეს ჰესის მშენებლობის შემდგომ პერიოდში, რათა არ მოხდეს გეოეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა. ეს ნორმატივები აუცილებლად უნდა იყოს ჩადებული და რეალიზირებული ექსპლუატაციის პერიოდში. სასურველია არასამთავროებო ორგანიზაციებმა სწორედ ეს პირობა გააკონტროლონ და ამ შემთხვევაში, მომავალში, არ გვექნება საქმე ეკოლოგიურ კატასტროფასთან.