ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიზნით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დასრულდა

ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიზნით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დასრულდა

ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიზნით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დასრულდა და გამარჯვებულები გამოვლინდა.

კახეთის რეგიონში, მდ. ავანისხევზე „ავანი ჰესს“ ქართული კომპანია „ენერგო-ინვესტი“ ააშენებს. ჰესის დადგმული სიმძლავრე 4.6 მგვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 18,63 მლნ.კვტ/სთ, პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 7,8 მლნ შეადგენს. ინვესტორმა ჰესის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ანალიზი და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ენერგეტიკის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვეში უნდა უზრუნველყოს, ხოლო ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში სამშენებლო ნებართვის აღებიდან 24 თვეში უნდა გაუშვას.

მდინარე დოლრაზე, „დოლრაჰესი 3“-ის მშენებლობაზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად თურქული კომპანია AHLATCI ENERJI SANAYI VE TICARET LIMITED SIRKETI -ი გამოცხადდა.

„დოლრაჰესის“ დადგმული სიმძლავრე 30 მგვტ-ია. წლიური გამომუშავება კი - 124 მლნ.კვტ/სთ. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 41,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ჰესის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ანალიზი და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ინვესტორსა და ენერგეტიკის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვეში მომზადდება. ახალი ჰესი სამშენებლო ნებართვის აღებიდან 36 თვეში ამოქმედდება.

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, მდინარე რიონზე, "ალპანა“ და სადმელი“ ჰესების კასკადის მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად თურქული კომპანია Calik Enerji-ი გამოცხადდა. "ალპანაჰესის“ დადგმული სიმძლავრე 70,6 მგვტ-ია. წლიური გამომუშავება კი - 356,8 მლნ.კვტ/სთ. „სადმელიჰესის“ დადგმული სიმძლავრე 153 მგვტ-ს შეადგენს, წლიური გამომუშავება კი - 637,6 მლნ.კვტ/სთ-ს. კასკადის პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 485 მლნ აშშ დოლარია.

ჰიდროელექტროსადგურების კასკადის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ანალიზი და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ინვესტორსა და ენერგეტიკის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვეში მომზადდება, კასკადი ექსპლუატაციაში სამშენებლო ნებართვის აღებიდან 48 თვეში შევა.

ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებები უახლეს მომავალში დაიდება.