საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრიორიტეტულ მიმართულებად ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარება დაასახელა. შეძლებს თუ არა საქართველო არსებული ენერგეტიკული პოტენციალით წარმოების განვითარებას და რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა? _ ამ საკითხებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საუბრობს.
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი საწარმოო პოტენციალის განვითარებისთვის. ის რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ-ადგილობრივი წარმოების განვითარება შეუძლებელია ენერგეტიკული კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის გარეშე. ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და დარჩება მომავალშიც.
როგორია თქვენი დამოკიდებულება დიდი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. სჭირდება ასეთი პროექტები საქართველოს?
ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიდი ჰესები აუცილებელი იქნება საქართველოსთვის. სხვანაირად ძალიან რთული იქნება ინდუსტრიული პოტენციალის განვითარება საქართველოში და წარმოუდგენელიც იქნება. დღეს გვაქვს მოთხოვნა რამდენიმე მსხვილ პროექტზე, სადაც არასაკმარისი ენერგიის გამო ჩვენ ვერ მივდივართ ამ ინვესტიციებზე. ამიტომ, ეს აუცილებელი იქნება. თუმცა სოციალური პრობლემები და ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ძალისმიერი გზით არ უნდა ვიაროთ რა თქმა უნდა. უნდა შედგეს დიალოგი და ამ დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს თითოული ის პრობლემა , რომელიც დიდ პროექტებს ახლავს.
არსებული მდგომარეობით ვის ეკუთვნის მიწა, რომელზეც ხუდონჰესი უნდა განთავსდეს?
ის მიწები, რომელიც თავიდან იყო წამოღებული, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია, რა თქმა უნდა. საუბარი იყო აზომვაზე, მაგრამ ადგილობრივი პრობლემების გამო ჯერ-ჯერობით ეს პროცესი შეჩერებულია.
არსებული მდგომარეობით აღნიშნული მიწა სახელმწიფოს საკუთრებაა?
დიახ, მიწების დიდი ნაწილი დღეის მდგომარეობით სახელმწიფოს ეკუთვნის. ანუ ნაწილი სახელმწიფოსია და ნაწილი კომპანიაზეა გადაცემული.
როგორია ეკონომიკის სამინისტროს როლი ხუდონჰესის პროექტში, კონკრეტულად რა სეგმენტს კურირებთ?
ჩვენ ვკურირებთ სამშენებლო ნებართვის გაცემას და ასევე საჭირო მიწების გადაცემის ნაწილშია ჩვენი კომპეტენცია, რაც შეეხება ენერგეტიკას ნაწილს და ხელშეკრულების გაფორმებას ინვესტორთან, ეს არის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენცია.
ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ხშირად სახელმწიფო უწყებებს შორის კომუნიკაციის არარსებობა აფერხებს.
ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ყოველდღიური კომუნიკაცია ენერგეტიკის სამინისტროსთან. მსჯელობა, რა თქმა, უნდა სხვადასხვა საკითხზე ყოველთვის არის, მაგრამ ისეთი მთავრობა, რომელშიც უპირობოდაა მუდმივი კონსენსუსი, არ არსებობს და არც ჩვენ გვინდა ასე იყოს. მსჯელობა, აზრთა ჭიდილი არის, მაგრამ საბოლოო პოზიციაში ჩვენ სოლიდარულები ვართ.
ხუდონის მოწინააღმდეგების ერთ-ერთი არგუმენტი ამ პროექტის საეჭვო ფინანსური სარგებლიანობაა. რეალურად რას მოუტანს ის ქვეყნის ეკონომიკას?
მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების გარეშე შეუძლებელიაა საქართველოს ეკონომიკის განვითარება და ის, რომ საქართველოში მოხდება ენერგიის გენერაცია, უკვე ნიშნავს რომ ეს ენერგია პირველ რიგში განკუთვნილი იქნება ადგილობრივი ბაზრისთვის და შემდეგ უკვე, იმ შემთხვევაში, თუ იქნება სიჭარბე, გავა ექსპორტზეც. რა თქმა უნდა, მთლიანობაში მომგებიანი იქნება. არის იქ გარკვეული მომენტები, რომელზეც ვაპირებთ რომ კიდევ ვიმსჯელოთ ინვესტორ კომპანიასთან, ანუ ხელშეკრულებაში არის დასახვეწი დეტალები, თუმცა მთლიანობაში პროექტი, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის საჭიროა.
ხუდონჰესის და სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსურ სარგებლიანობაზე შეკითხვას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა უპასუხა: "თუ ჩვენ ვსაუბრობთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად ითვალისწინებს აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა იმდენად ფინანსურად, არამედ იმისთვის რომ საქართველოს ეკონომიკა ინფრასტრუქტურულად მზად იყოს დიდი ინვესტიციებისათვის. რაც შეეხება დანარჩენ პროექტებს, ამაზე ვმუშაობთ და სხვა შესაბამისი სამინისტროები გააკეთებენ დამატებით კომენტარს".