"ვის ინტერესებს ემსახურებიან ქართველი გარემოსდამცველები?" - ამ სათაურით გამოქვეყნდა გაზეთ "ვერსიაში" ისრაელის ელექტროკომპანიის სამმართველოს უფროსი ექსპერტ-ინჟინერის, მეცნიერებათა დოქტორის გაბრიელ ჯინჯიხაშვილის ინტერვიუ.
მეცნიერებათა დოქტორი გაბრიელ ჯინჯიხაშვილი 1992 წლიდან მუშაობს ისრაელ ელექტრიკ კორპორაციის (IEC) საინჟინრო დივიზიონში, თერმული თბოსადგურებისა და ჰიდრონაგებობების პროექტირების დეპარტამენტში კვლევებისა და განვითარების პროექტების ხელმძღვანელად. (თბური გაზების ემისიის შემცირება ნახშირის თბოელექტროსადგურებში და კარბონ დიოქსიდის ემისიების შემცირება, ბიომასების გასუფთავება, ძირითადად ბიომასური პიროლიზის და განახლებადი ენერგიები)
იყო ისრაელ ელექტრიკის გუნდის ხელმძღვანელი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროექტის ფარგლებში NANOGLOWA (ნანო ტექნოლოგიები გლობალური დათბობის წინააღმდეგ), (მე-6 ევროპული პროგრამა), ევროკავშირის თანამშრომლობის პროექტი Cap-Wa (აორთქლებადი წყლის დაკავება თანამედროვე მემბრანებით ), (მე-7 ევროპული პროგრამა).
2001 წლიდან მონაწილეობა აქვს მიღებული 10 საერთაშორისო კონფერენციაში. 2009 წელს მიანიჭეს პრიზი საუკეთესო ნაშრომი ევროპაში- ენერგოგენერაციაში.
გაბრიელ ჯინჯიხაშვილის ინტერვიუს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა მკითხველებისა და დარგის სპეციალისტების მხრიდან, ამიტომ გადავწყვიტეთ მათთვის საინტერესო კითხვებით კიდევ ერთხელ მიგვემართა ჩვენი რესპონდენტისთვის.
ბატონო გაბრიელ, წინა ინტერვიუში განაცხადეთ, რომ მეტად პრობლემურად მიგაჩნიათ ჩვენი ადგილობრივი ნახშირის გამოყენება, როგორ ხდება ამ პრობლემის გადაჭრა დასავლეთის ქვეყნებში?
საკუთარი საწვავი საქართველოს არ აქვს, გარდა დაბალი ხარისხის ნახშირისა, რომლის გამოყენებას კარგი დაფიქრება სჭირდება. ამ ბოლო წლებში, დასავლეთის ქვეყნებში გაიზარდა შემეცნება იმისა, თუ როგორ ავნებს ნახშირის ელექტროსადგურები ადამიანების ჯანმრთელობას და რა გავლენა აქვს გლობალური დათბობის მოვლენებზე. შესაბამისად, სასტიკად გამკაცრდა მათი გამონაბოლქვების მიმართ სტანდარტები. ამ სტანდარტების დაკმაყოფილებისათვის იდება უზარმაზარი ინვესტიციები გამწმენდ ტექნოლოგიებში და ნაგებობებში. ( ისრაელში, ჩვენ კომპანიაში ვხუმრობთ ხოლმე, რომ თანამედროვე ელექტროსადგურები ქიმიურ კომბინატებად გადააკეთესო). საქართველოში გვაქვს ჰიდრორესურსი, რომლითაც გამჩენმა უხვად დაგვაჯილდოვა და ამ დროს, როგორც ამბობენ, გარდაბანში, თბილისის მახლობლად ნახშირის თბოელექტროსადგურის აშენებას აპირებენ. გარემოს დამცველი ორგანიზაციები ამაზე სდუმან. ნახშირის ბლოკის იქ აშენება მავნებლობაა. თბილისის რეგიონი ისედაც გადატვირთულია გამონაბოლქვი გაზებით და წარმოიდგინეთ რა იქნება, როცა სრულად აღორძინდება რუსთავის მეტალურგიული კომბინატი ან სხვა ქიმიური ან მეტალურგიული კომბინატები. საკითხავია, გარემოს დამცველები ინტერესდებიან თუ არა როგორ არის დაგეგმილი გამონაბოლქვი გაზებიდან ვერცხლის წყლის, მძიმე ლითონების, სხვა მყარი ნაწილაკების და ოქსიდების ა.შ მოცილება. იმის ნაცვლად, რომ ამ საკითხებს მიექცეს ყურადღება, დიდი აჟიოტაჟია იმაზე, რომ იქნებ ვინმემ ფული ჩადოს ამ ბლოკის აშენებაში და დააბინძუროს ჰაერი. არ ჩანს, რომ ვინმეს აფიქრებდეს სერიოზულად ეს პრობლემები და ამ დროს ეწინააღმდეგებიან ხუდონჰესს და ასევე ნებისმიერ ჰიდროენერგეტიკულ პროექტს.
თქვენ ასევე ბრძანეთ, რომ ბუნებრივ გაზზე მომუშავე თბოსადგურიც საკმაოდ საშიშია და ამანაც ბევრი კითხვა გააჩინა. რა უკუეფექტები შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს?
რაც შეეხება გაზის ბლოკს, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ უახლესი ტიპის ტურბინებზე, კომბინირებულ ციკლზე, მისი გამონაბოლქვის შედარებაც არ შეიძლება არამც თუ ნახშირის ბლოკთან, არამედ დღეს გარდაბანში მომუშავე მე-3 , მე-4 და მე-9 ბლოკებთან. მაგრამ, დადასტურებულად მინდა გითხრათ, რომ ჰაერს არც ის ასუფთავებს და ეს ნურავის გაუკვირდება. თუ არ გჯერათ, ნახეთ ინტერნეტში შესაბამისი გაზოტურბინის ტექნიკური მონაცემები. გლობალურ დათბობაში ნებისმიერ წვის შედეგს, ნახშიროჟანგს შეაქვს თავისი მეტად უაროფითი წვლილი. მე მინდა სწორად იქნას გაგებული ჩემი ნათქვამი: საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, თბოენერგეტიკაში კომბინირებული ციკლი, ამ ტიპის გენერაციის ობიექტებში, ყველაზე კარგი ვარიანტია (ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უფრო სრულყოფილია გაზო ტურბინა მით უფრო ძვირი ჯდება მისი ექსპლუატაცია). ის, რომ თბოელექტროსადგურები უნდა ვამუშავოთ იმპორტირებულ ძვირიან გაზზე და ამის გამო არ ავაშენოთ და უარი ვთქვათ ჰიდროელექტროსადგურებზე, ეს გამოუსწორებელი შეცდომაა. ნორვეგიას უხვად აქვს გაზი, მაგრამ ელექტროენერგიას იღებენ ჰიდროსადგურებიდან, ხოლო გაზს ყიდიან.
რაც შეეხება ისრაელის ენერგეტიკას, აქვს თუ არა ჰიდროსადგურების გამოცდილება ამ მცირემიწიან და მცირეწყლიან ქვეყანას?
გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩვენი კომპანიის პირველი სერიოზული ელექტროსადგური იყო სწორედ ჰიდროსადგური - მდინარე იორდანეზე, ჩენი კომპანიის დამაარსებელი პიკჰას რუტენბერგი მეგობრობდა იორდანიის ემირ აბდალასთან- ახლანდელი მეფის დიდ ბაბუასთან და იმან აჩუქა მიწა, სადაც რუტენბერგმა 16 მგვ ელექტროსადგური ააშენა 1932 წელს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ისრაელს დასალევადაც არ ჰყოფნის წყალი.
შემდგომში ჩვენში ძირითადი საწვავი იყო მაზუთი, მაგრამ 1973 წლის ომის შედეგად, არაბული ბოიკოტის გამო, გადავედით ძირითადად ნახშირის ბლოკებზე. ახლა გვაქვს 4X350-1400 მგვ ძველი ბლოკები, რომლებიც უკვე გადაგვყავს ბუნებრივ აირზე და 6 ახალი 575 მგვ ნახშირის ბლოკები, რომელთა დამატებით გამწმენდ სისტემებზე დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს ვხარჯავთ. ასევე ათვისებული გვაქვს გაზის ტურბინების ტექნოლოგიები, თავდაპირველად ღია და შემდეგ კომბინირებულ ციკლში. რადგან გაზი არ გვქონდა, ვიყენებდით დიზელის საწვავზე და გაზის ტურბინებს და ისინი მუშაობდნენ ძირითადად პიკური დატვირთვის საათებში. მერე დაიწყო გაზის იმპორტი ეგვიპტიდან, რაც მოგეხსენებათ დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. ისრაელში გაზის საბადოს აღმოჩენის შემდეგ უკვე გვაქვს საკმარისი გაზი. დღეს, ელექტროენერგიის 62% ვაწარმოებთ გაზით და 38% - ნახშირზე.
ჩვენ ვიყენებთ და ვყიდულობთ მსოფლიოში საუკეთესო ნახშირს. გვაქვს ძალიან ძვირადღირებული გამწმენდი საუკეთესო ტექნოლოგიებით, მაგრამ მაინც ვცდილობთ და მიზნად ვისახავთ, რაც შეიძლება ნაკლებად გამოვიყენოთ ნახშირი. ასევე გითხარით ადრე, რომ ისრელში ნელ-ნელა ინერგება მზის ენერგიიდან დენის მიღება-ფოტოვოლტაიკები, მაგრამ ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა ისრაელისათვის და არ შეგვიძლია მისი ფართოდ გამოყენება. მოგახსენებთ, რომ იგი მთლიანად არის სუბსიდირებული სახელმწიფოს მხრიდან. თანაც, ისრაელი ბევრად უფრო მდიდარია ვიდრე საქართველო. მზის ენერგიის გამოყენება, მე მგონი, საქართველოშიც უნდა დავიწყოთ წყლის გათბობის სისტემის მასობრივი დანერგვით. ისრაელში თქვენ ვერ ნახავთ სახურავს, სადაც წყლის გასათბობი სისტემა არ დგას. კანონი უბრალოდ კრძალავს ამ სისტემის გარეშე სახლის მიღება-ჩაბარბას. მე მგონია, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის და მწვანეებისთვის ეს ფართო ასპარეზია.