ხუდონჰესის მშენებლობის ირგვლივ დებატები არ ცხრება. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებს, ექსპერტებს და მოსახლეობის სხვადასხვა ნაწილს პროექტის მიმართ პრინციპულად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. თუმცა, ყველა მათგანი თანხმდება იმაზე, რომ ხუდონის მშენებლობა ეკონომიკურ განვითარებას განსაზღვრავს და ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
მსოფლიოში ელექტროენერგიის მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება, შესაბამისად არც საქართველოა გამონაკლისი. ჩვენ გვაქვს დიდი ჰიდრორესურსი, მაგრამ რისი მიღებაც შეგვიძლია, ამის გამოყენება დღეს სრულად არ ხდება. ბევრმა ქვეყანამ უკვე გაიარა ის გზა, რაც საქართველოს გასავლელი აქვს. ხუდონით ვღებულობთ იაფ ელექტროენერგიას, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ბიუჯეტში დამატებით შემოსავლებს, დამატებით სამუშაო ადგილებს. მაგრამ შესათანხმებელი რჩება რამდენიმე საკითხი, როგორიცაა განსახლება და ეკოლოგიური ფაქტორი, რომლებიც განსაკუთრებულად სენსიტიური თემებია.
მალხაზ ბედაშვილი, ა/ო მშენებლობის ექსპერტთა თავმჯდომარე:
ხუდონჰესი უნდა აშენდეს, ეს აქსიომაა. არც ერთი ჰესი არ შენდება ისე, რომ არ დაიტბოროს ტერიტორია და არ მოხდეს მოსახლეობის განსახლება. მით უმეტეს, განსაკუთრებით დიდი ჰესების მშენებლობა ამ პროცესების გარეშე წარმოუდგენელია.
ვფიქრობ, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, მხარი დავუჭიროთ ხუდონჰესის მშენებლობას, თუ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება გვინდა. თავის მხრივ კი, ხელი უნდა შევუწყოთ მოსახლეობას და დავეხმაროთ განსახლებასთან დაკავშირებული სიძნელეების დაძლევაში.
პროექტის მთავარი სარგებელია ის, რომ გვექნება იაფი ელექტროენერგია და ექსპორტზე გატანის შესაძლებლობაც გაჩნდება. მსგავსი ინფრასტრუქტურის გარეშე მრეწველობა ვერ განვითარდება. საბოლოოდ კი, ხალხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. რაც უკვე აღვნიშნე, ზღვაში წვეთია იმ სიკეთესთან შედარებით, რასაც საქართველოს ხუდონჰესის მშენებლობა მოუტანს.
ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი:
დიახ, მხარს ვუჭერ ხუდონჰესის მშენებლობას და არ მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ ამ ინფრასტრუქტურაზე უარის თქმა. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი ჰესების მშენებლობა აუცილებელია, ეკონომიკას ეს ენერგია სჭირდება!
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ვერ განვითარდება ენერგორესურსების გარეშე, ხოლო ეკონომიკის გარეშე ნორმალურ სახელმწიფოდ ვერ ჩამოვყალიბდებით.
რაც ყველაზე სახიფათოა, უენერეგორესურსოდ ყოფნა გულისხმობს მუდმივად სიდუხჭირეში ცხოვრებას. ნაყიდი ელექტროენერგიით საწარმოებსა და ქარხნებს ვერ ავაშენებთ. ვცდებით, თუ ვინმეს ასე ჰგონია.
საქმეში თუ ჩაიხედავ, მიხვდები, რომ ხუდონჰესის გარეშე ეკონომიკა ვერ განვითარდება, არ გვექნება წარმოება და ხალხი იშიმშილებს.
პროექტის ოპონენტებმა უნდა იფიქრონ, რომ 21-ე საუკუნე არ არის შეშაზე დამოკიდებული და კერიაზე გაჩაღებული ცეცხლი, ამ ინფრასტრუქტურის გარეშე ქვეყანა ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწევს!
შალვა მელქაძე, სოფლის მეურნეობის ექსპერტი:
ვფიქრობ, ხუდონჰესი უნდა აშენდეს. ეს პროექტი ეკონომიკური სტაბილურობისთვის გვჭირდება. განსახლების საკითხი მოსახლეობას უხერხულობას უქმნის, მაგრამ სწორი და გონივრული მიდგომით ამ საკითხის გადაწყვეტას შევძლებთ.
სახელმწიფოს განვითარება ენერგორესურსებს საჭიროებს, რითაც ბუნებამ დაგვაჯილდოვა და ამ დოვლათზე უარს ვერ ვიტყვით. რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გვექნება იაფი ელექტროენერგია, რომელსაც ქვეყანა ადგილზე მოიხმარს და გაიტანს ექსპორტზეც.