ილია ელოშვილი:

ილია ელოშვილი: "ხუდონჰესის პროექტის მოწინააღმდეგეებს არგუმენტი აღარ დარჩათ"

"ხუდონჰესის პროექტზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი ბოლო ფაზაში შევიდა. ენერგეტიკის სამინისტროს არ გააჩნია მტკიცე არგუმენტები აღნიშნული პროექტის საქართველოსთვის საჭიროებისა და განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ. _ ამ შინაარსის განცხადება გაავრცელა დღეს ენერგოეფექტურობის ფონდმა.

ენერეგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის აბსურდულ განცხადებებზე ის კომენტარს არ გააკეთებს:

"ისინი არც ენერგეტიკოსები არიან, არც ეკონომისტები და დილეტანტურ და პოპულისტურ დასკვნებს აკეთებენ", - მიაჩნია ელოშვილს.

მინისტრის მოადგილის თქმით, ის მზადაა, კიდევ ერთხელ აუხსნას საზოგადოებას ხუდონჰესის პროექტის მნიშვნელობა:

"ამ ეტაპზე ე.წ წერტილოვანი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ხაიშის მოსახლეობასთან, რომელთა უმრავლესობა თანახმაა ჰესის აშენებაზე.

არის რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარი რადიკალური ჯგუფები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ პროექტს, მოსახლეობის ძირითად ნაწილს კარგად ესმის ქვეყნისთვის ხუდონის აშენების საჭიროება. მე ვფიქრობ, მოლაპარაკებების პროცესი დადებითი ტენდენციით მიმდინარეობს. მინისტრმა განაცხადა, რომ თავად შეხვდება ხაიშელებს, მაგრამ კახი კალაძის ვიზიტისთვის უნდა მომზადდეს ნიადაგი, რათა შეხვედრა მიტინგს არ დაემსგავსოს",-აცხადებს ილია ელოშვილი.

ხუდონჰესის პროექტი 9 ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი. სეისმოლოგიური საფრთხე არ არსებობს, შესაბამისად არ არსებობს არც ეკოლოგიური კატასტროფის ალბათობა, ჰესის აშენება არ შეცვლის კლიმატურ პირობებს და ამაზე დასკვნა ჰოლანდიელმა ექსპერტებმა მოამზადეს.

"ყველა საფრთხე, რომელზეც აქამდე საუბრობდნენ, ეს იქნება სეისმოლოგიური, ეკოლოგიური თუ კლიმატური,  გამოირიცხა. პროექტის მოწინააღმდეგეებს აღარ დარჩათ არგუმენტი და ისინი აყენებენ წინადადებას, რომ ხუდონი აშენდეს სხვა ტერიტორიაზე, მეტიც, ამტკიცებენ კიდეც. ეს არის არაპროფესიონალების და დემაგოგების საუბარი, რადგან ისინი უყურებენ ჩვეულებრივ კარტოგრაფიულ რუქას და იმის მიხედვით საზღვრავენ თუ სად უნდა აშენდეს ჰესი. გეოლოგების მიერ არის შესწავლილი იქ არსებული მიწის თითოეული გოჯი და ჰესის ასაშენებლად სწორედ სოფელ ხაიშის ტერიტორიაა მიზანშეწონილი. ერთადერთი არგუმენტი, რომელიც დარჩა მოწინააღმდეგეების მხრიდან არის ის, რომ განსასახლებელია 184 ოჯახი და გადასატანია სოფელ ხაიშის ადგილობრივი ეკლესია, რომლის გადატანაც შესაძლებელია.  დღეს ხაიშში არა მარტო ქართული ენერგეტიკის, არამედ საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბედი წყდება",-განაცხადა ილია ელოშვილმა.

ნინო გერმესაშვილი