"საქართველომ და თურქეთმა დაადასტურეს ცენტრალურ აფრიკის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Eurasianet ჯოშუა კუცერას სტატიას.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, შესაძლოა, ქართველმა და თურქმა სამხედროებმა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის სამშვიდობო ძალების მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც სავარაუდოდ, საქართველო 100 სამხედროს გაგზავნის.
ამასთან, ჯოშუა კუცერა წერს, რომ პროექტის მიხედვით, ევროკავშირის სამშვიდობო შეიარაღებული ძალები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში თავდაპირველად, დაახლოებით 500 სამხედროთი იყო წარმოდგენილი, თუმცა ახლა მათი რიცხვი შესაძლოა, გაორმაგდეს. მისივე თქმით, სამხედროების განთავსება მარტის დასაწყისში მოხდება და ევროკავშირის ძალების მხარდაჭერა შეეძლება 1 600 ფრანგი სამხედროსა და 5 ათასი აფრიკელი სამხედროს კონტინგენტს, რომლებიც უკვე არიან დისლოცირებული ცენტრალურ აფრიკაში, რათა ქვეყანაში არსებული ძალადობა ჩაახშონ.
"სრული მზადყოფნიდან შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ ექვსი თვე ექნებათ უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშესაწყობად. ასე რომ, შესამჩნევ შედეგებს მალე უნდა მიაღწიონ. ჩვენი მიზანია, ჩვენს სამოქმედო არეალში შევქმნათ უსაფრთხო სამოთხე, სადაც ხალხი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს", - ციტირებს ჯოშუა კუცერა გენერალ-მაიორ ფილიპ პონტიეს კომენტარს.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველომ ევროკავშირს კიდევ ერთ სამშვიდობო მისიაში შესთავაზა სიმბოლური კონტრიბუცია – გაეგზავნა ორი ჯარისკაცი მალიში.
ამასთან, ჯოშუა კუცერა წერს, რომ ვიდრე წარსულში ქართველი მაღალჩინოსნები აღნიშნავდნენ, რომ ევროკავშირში მათი სამხედრო კონტრიბუცია სამხედრო ექსპერტებისა და მრჩეველების შეთავაზებით შემოიფარგლებოდა და არა საბრძოლო პერსონალის გაგზავნით, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში მისია შესაძლოა სახიფათო იყოს.
"მისიის საბრძოლო წესები კვლავაც განხილვის პროცესშია. გენერალ-მაიორმა პონტიემ განაცხადა, რომ ეს ევროკავშირის პოლიტიკურ მგრძნობელობასა და გზამკვლევებს და ადგილზე არსებულ საჭიროებებს შორის ძალიან დელიკატური ბალანსს მოითხოვს. მაგრამ ის ასევე მოითხოვს ქმედებებში მაქსიმალურ თავისუფლებას შეიარაღებული ძალებისთვის. ევროკავშირის დიპლომატები აცხადებენ, რომ სამოქმედო მანდატში შესაძლოა გათვალისწინებული იყოს გარკვეული მოქნილობა, რათა სამხედროებმა ეფექტურად შეძლონ მათი პროტექციის ქვეშ მყოფი მოქალაქეების დაცვა და არ იყვნენ იძულებული, იყვნენ უმოქმედოდ, თუ მათზე ძალადობრივი თავდასხმები იქნება ოფიციალური სამოქმედო არეალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში", - ციტირებს ჯოშუა კუცერა ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ-ში გამოქვეყნებული სტატიიდან ამონარიდს.
ამასთან, სტატიის ავტორი წერს, რომ როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ დეკემბერში განაცხადა, მალის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობა ჯერაც განხილვის პროცესშია.
"ევროკავშირის საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობით ორი მიზეზის გამო ვართ დაინტერესებული. პირველი ის გახლავთ, რომ ჩვენ საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოების თანასწორი კონტრიბიუტორები ვართ და ასევე უდიდეს საბრძოლო გამოცდილებას ვიღებთ, რომელიც მომავალში კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას", - ციტირებს ავტორი ირაკლი ალასანიას კომენტარს.
ამასთან, ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მაღალჩინოსნები კომენტარს არ აკეთებენ ქართველი სამხედროების პოტენციურ გაგზავნაზე, მაგრამ სავარაუდოდ, 100 სამხედრო საკმაოდ მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ავღანეთში საქართველოს 1 600 ჯარისკაცის ყოფნა ერთობ არაპოპულარული ხდება.
ჯოშუა კუცერა ასევე აღნიშნავს, რომ კვირას ქართველმა მაღალჩინოსნებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ქართული მხარე ცენტრალურ აფრიკაში სამხედრო ოპერაციაში ქართველო სამხედროების ჩართვის საკითხს განიხილავს.