კახა კალაძე: „ხუდონჰესის არანაირი ალტერნატიული პროექტი არ არსებობს“

კახა კალაძე: „ხუდონჰესის არანაირი ალტერნატიული პროექტი არ არსებობს“

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით და ისაუბრა პროექტის განხორციელებისას წამოჭრილ  განსახლების პრობლემებზე:

“ისე ნუ წარმოვიდგენთ სიტუაციას, თითქოს სვანეთში მცხოვრები ყველა ადამიანი ეწინააღმდეგებოდეს ხუდონჰესის აშენებას. არის იქ ადამიანების ჯგუფი, რომელიც მართლა რადიკალურად უდგება ამ საქმეს. ასევე არის გარკვეული ადამიანების ინტერესებიც ამ პროექტის უკან. ის ადამიანები, რომლებიც რადიკალები არიან, აშინებენ  სხვებს იმით, რომ სოფლიდან გარიყავენ. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა მოვთხოვოთ შესაბამის სამსახურებს, რომ ინვესტორს მიეცეს საშუალება, თითოეულ ოჯახში შევიდეს და გაესაუბროს ადგილობრივ მოსახლეობას და არა შეკრებილ 20–30 კაცს.

როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ წამოიჭრა მიწებთან დაკავშირებული პრობლემები. პირველი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის ის, რომ ინვესტორთან მოვახერხეთ შეთანხმება. მას ვთხოვეთ,  მოეხდინა მიწების  დაბრუნება მოსახლეობისათვის, დაეწყოთ აზომვითი სამუშაოები და ადგილობრივებისათვის ეს მიწები დაერეგისტრირებინა. რეგისტრაციის ხარჯს ინვესტორი თავის თავზე იღებს. აზომვითი სამუშაოების შემდეგ უნდა მოხდეს შეფასება და დაახლოებით გვეცოდინება თითოეულ ოჯახზე კომპენსაციის ოდენობა. დაახლოებითი ციფრები მე ვიცი, რამდენი იქნება გამოყოფილი განსახლების გეგმის განსახორციელებლად. რამდენიმე დღის წინ, ინვესტორისგან ერთი მნიშვნელოვანი წინადადება მოვისმინეთ. ის მზადაა, იქვე ახლოს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მოინახოს ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება ულტრათანამედროვე, ინფრასტრუქტურულად გამართული ახალი სოფლის მშენებლობა.

ვიცე პრემიერის განცხადებით, ალტერნატიული პროექტის შესახებ განცხადებები ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული:

„ალტერნატიულ პროექტს რაც შეეხება, რომელიც კასკადის ცოტა ზემოთ გადატანას გულისხმობს,  საფუძველსმოკლებულია.  მარტივად რომ ვთქვათ, არანაირი სხვა პროექტები არ არსებობს, რომელიც ამ არსებულ ნიშნულებზე განსახორციელებელ პროექტს ჩაანაცვლებს. ამ თემებზე ძალიან ბევრი გვაქვს ნამუშევარი. ყველა პროექტი გვაქვს განხილული, თუ რა შეიძლებოდა ჩანაცვლების სახით მომხდარიყო, მაგრამ მერწმუნეთ, არ არსებობს არც ერთი პროექტი, რომელიც იმდენ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, გინდა ენერგეტიკულად, გინდა ეკონომიურად, როგორც ეს, არსებულ ნიშნულებზე 702–მეგავატიანი პროექტი.

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ყველაფერი გაკეთდება ისე, რომ არ დაირღვევა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები და, რა თქმა უნდა, ასევე ინვესტორის და სახელმწიფოს ინტერესები. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, დავარწმუნოთ ადგილობრივი მოსახლეობა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, თვითონ ადგილობრივი მოსახლეობისთვის და იმისთვის, რომ სვანეთი გადარჩეს.“