"ჩემი აზრით, ქვეყნის უპირველესი პრიორიტეტი ენერგოუსაფრთხოებაა. აზერბაიჯანს აქვს ნავთობი, ჩვენ - წყლის რესურსი. ჩვენი ნავთობი არის წყალი და ამ წყალს, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მომავალში ოქროს ფასი დაედება. ასე რომ, ეს პროექტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 700 მეგავატი ეს გახლავთ ენერგოუსაფრთხოების გარანტი და იაფი ელექტროენერგია გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს ნიშნავს ეკონომიკის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას." _ ასეთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა "პალიტრა-ტვ"-ს გადაცემა "პროვოკატორში" ხუდონჰესის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას.
ირაკლი სესიაშვილის განცხადებით: "მეორეს მხრივ, არსებობს ყველა ის მგრძნობიარე თემები და გულისტკივილი, რომ პროექტის განხორციელება გამოიწვევს მთელი რიგი მიმართულებით ჩვენი იდენტობის მახასიათებლების დაზიანებას - ბუნება, სასაფლაო, ეკლესია და ა.შ. რა თქმა უნდა, ამის უპატივცემულობა და უგულებელყოფა წარმოუდგენელია. ამისთვის ვცოცხლობთ და ვარსებობთ, რომ კულტურული მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ და მოვუფრთხილდეთ. მე ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მუშაობს ხელისუფლება მოსახლეობასთან და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილიც გაგებით ეკიდება ამ საკითხს. სახელმწიფომ შუალედური გამოსავალი უნდა იპოვოს. მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ისიც ესმის, რომ სვანეთს დღესაც და მომავალშიც მნიშვნელოვანი ასიგნებები სჭირდება, რათა ეს ულამაზესი რეგიონი, ქვეყნის ბრილიანტი, გაბრწყინდეს და განვითარდეს. ამ რეგიონს აქვს სერიოზული პერსპექტივები, მაგრამ ამ პერსპექტივებს სჭირდება შესაბამისი ფინანსები."
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, პოზიციის ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირება უჭირს, თუმცა უფრო იმისკენ იხრება, რომ ეს პროექტი ქვეყანას ძალიან სჭირდება.
"თუმცა, აქვე ხაზს ვუსვამ, რომ მოსახლეობასთან თანხმობისა და შეჯერების გარეშე ეს წარმოუდგენელია. ამ მიმართულებით მიდის ჩვენი ხელისუფლება. რაც შეეხება რისკებს, რა თქმა უნდა, იქ არის გარკვეული რისკები, საფრთხეები, რომლის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება. მარტო მაგ თემას არ გამოვყოფდი, რადგან დემოგრაფიული თემებიცაა, მათ შორის მოსახლეობის ტერიტორიების მიხედვით განთავსება და ასე შემდეგ. ეს არის საკმაოდ სერიოზული საკითხები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პრობლემები მოგვარებადია. როდესაც ვსაუბრობთ რისკებსა და საფრთხეებზე, გვავიწყდება, რომ მთელ რიგ სასაზღვრო რეგიონებსა და რაიონებში ასეთი პრობლემები მრავლად გვაქვს. სვანეთში არის სოფლები, რომლებსაც არავინ და არაფერი ემუქრება, მაგრამ ეს სოფლები ბუნებრივად იცლება. ვაპირებთ მთიანი რეგიონების შესახებ კანონის მიღებას, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მინდა რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ამ საკითხს გონივრულად შეხედოს." _ განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.