კახა კალაძე: „ხუდონის აშენება ელექტროენერგიის ტარიფის სტაბილურობაზე იმოქმედებს“

კახა კალაძე: „ხუდონის აშენება ელექტროენერგიის ტარიფის სტაბილურობაზე იმოქმედებს“

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „ტვ-პალიტრას” ეთერში სტუმრობისას ხუდონჰესის პროექტის პერსპექტივებზე ისაუბრა. მან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ელექტროენერგიის ტარიფის სტაბილურობაზე და პროექტის მნიშვნელობაზე, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით:

„წინასაარჩევნო დაპირებაში მოცემულ გიგანტურ ჰესებზე უარის თქმას რაც შეეხება, ჩვენ არა გვაქვს საშუალება, ვაშენოთ გიგანტური ჰესები და არც ხუდონია გიგანტური ჰესი. ჩვენ წინასაარჩევნო დაპირებაში არ გვითქვამს უარი ქვეყნის წინსვლაზე, ქვეყნის განვითარებაზე და ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენ არ ვიქნებით ენერგეტიკულად განვითარებულები, თუ ჩვენ არ გვექნება ჩვენი საკუთარი ელექტროენერგია, წარმოუდგენელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება; წარმოუდგენელია ის, რომ ქვეყანაში დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას.

ვერ ვიტყვი, რომ ხუდონი გიგანტური ჰესია, ეს არის უბრალოდ დიდი ჰიდროელექტროსადგური. თუ შევადარებთ განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად ჩინეთს, სადაც დაახლოებით 21 ათასი მეგავატის სიმძლავრის ქვესადგურები შენდება, ხუდონი გიგანტურ ჰესად სულაც აღარ მოგვეჩვენება. როდესაც გვაქვს 1500 მეგავატი სიმძლავრის მქონე ენგური, რომელიც 2–ჯერ უფრო დიდია, ვიდრე ხუდონი, ამ შემთხვევაშიც შეიძლება შედარების გაკეთება. ხუდონის წყლის სარკისებრი ზედაპირი გაცილებით ნაკლებია ენგურჰესის და ჟინვალჰესის წყლის ზედაპირზე.

ალტერნატიულ პროექტს რაც შეეხება, რომელიც კასკადის ცოტა ზემოთ გადატანას გულისხმობს, ეს არის საფუძველსმოკლებული განცხადებები. მარტივად რომ ვთქვათ, არანაირი სხვა პროექტები არ არსებობს, რომელიც ამ არსებულ ნიშნულებზე განსახორციელებელ პროექტს ჩაანაცვლებს. ამ თემებზე ძალიან ბევრი გვაქვს ნამუშევარი. ყველა პროექტი გვაქვს განხილული, თუ რა შეიძლებოდა ჩანაცვლების სახით მომხდარიყო, მაგრამ მერწმუნეთ, არ არსებობს არც ერთი პროექტი, რომელიც იმდენ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, გინდა ენერგეტიკულად, გინდა ეკონომიურად, როგორც ეს არსებულ ნიშნულებზე 702–მეგავატიანი პროექტი.

ხუდონის მშენებლობა ასევე იმოქმედებს ტარიფის სტაბილურობაზე. ფასის შემცირებაზე ამ ეტაპზე, როდესაც 4 თეთრით შემცირება მოვახერხეთ, მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი რესურსი იქნა მოძიებული. ხუდონის მშენებლობა შეცვლის იმას, რომ არ გაიზრდება ელექტროენერგიის ღირებულება და მოგვეცემა საშუალება, დავაბალანსოთ ფასები. ზოგადად მინდა გითხრათ ელექტროენერგიაზე ფასის ზრდის ტენდენციის შესახებ. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ფასები არის მზარდი. მაგალითისათვის ჩვენი მეზობელი ქვეყნების მოყვანაც შეიძლება, თურქეთი, სადაც ერთ კილოვატსათ ენერგიაზე ფასი გაცილებით მაღალია.“