ივანიშვილმა  ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადასცა

ივანიშვილმა ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადასცა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა და ასოციაცია ,,ქართული ღვინის" ხელმძღვანელმა თინა კეზელმა  მედიის წარმომდგენლებს ჯიღაურას სანერგე მეურნეობა დაათვალიერებინეს და სახელმწიფოს საკუთრბაში მისი გადმოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის დირექტორის ლევან უჯმაჯურიძის ინფორმაციით, არასამეწარმეო, ა(ა)იპ "აგროს" ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი ფონდ "ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით 2007 წელს დაარსდა. მისივე თქმით, სოფელ ჯიღაურაში 54 ჰა ფართობზე განთავსებული მეურნეობა ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების გამრავლების სექტორებს მოიცავს. ცენტრში მიმდინარეობს ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების ენდემური ჯიშების მოძიება, გამრავლება, კონსერვაცია; საძირეთა და სანამყენეთა ახალი ჯიშებისა და კლონების შერჩევა, სადედეების გაშენება-მოვლის უახლესი ტექნოლოგიების რეალიზება და მცენარეთა ფიტოსანიტარული მონიტორინგი. ამასთან, ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, მეურნეობაში გაშენებულია ქართული ვაზის 437 ჯიში, უცხოური ვაზის 350 ჯიში, ასევე 300 სახის ხეხილოვანი, მათ შორის, კურკოვანი და კენკროვანი კულტურა. როგორც ლევან უჯმაჯურიძემ აღნიშნა, წლების განმავლობაში, ჯიღაურას მეურნეობაში მოყვანილი პროდუქტი სხვადასხვა დაწესებულებებს, მათ შორის, საბავშვო და მიუსაფართა სახლებს უსასყიდლოდ გადაეცემოდა.

მინისტრის მოადგილის იური ნოზაძის განცხადებით, "2007 წელს, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილის დავალებით იქმნებოდა ეს ორგანიზაცია, იმთავითვე ვიცოდით, რომ როდესაც ცენტრი გაძლიერდებოდა და თავისით შეძლებდა ფუნქციონირებას გადაეცემოდა სახელმწიფოს. ჯიღაურას ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, აღჭურვილია სრულყოფილი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მანქანა-დანადგარებით სატრაქტორო პარკით და გადაეცემა სამეცნიერო კვლევით ცენტრს“.  მისივე თქმით, სამეცნიერო ცენტრში მუშაობა  მეცხოველეობის მიმართულებითაც წარიმართება და დიდი ყურადღება მიექცევა ბიოწარმოებასაც. ცენტრში შეიქმნება  სერტიფიცირების სამსახურიც.

ჯიღაურას მეურნეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილმაც. მისი შეფასებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ჯიღაურას მეურნეობა უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო კვლევითი ბაზა იქნება.

,,აღნიშნული ბაზა კერძო ინიციატივით შეიქმნა, რაც ძალიან მისასალმებელია. ამ მეურნეობამ  ფაქტიურად გადარჩა ვაზის უნიკალური ჯიშები. დღეს, ეს უმდიდრესი გენოფონდი გადაეცემა სახელმწიფოს. დარწმუნებული ვარ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ უნიკალურ ბაზას ძალიან ეფექტურად გამოიყენებს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.