"სოფელ ხაიშის სოფლებში ტყეების ხუთწლიანი ლიცენზირების პრაქტიკას აკრიტიკებენ. მოსახლეობის შეფასებით, ჭრებმა ტყეების სოციალურ-ეკოლოგიური ფუნქციების მკვეთრი გაუარესება გამოიწვია."
ინფორმაციას ამის შესახებ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ავრცელებს მათ მიერ ჩატარებული კვლევის _ "ტყის მდგრადი მართვა საქართველოში" საფუძველზე.
პროექტი ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ზოგადი მიზანია საქართველოში სატყეო სექტორის ეფექტიანი მართვის ხელშეწყობა სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უნარ-შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული დიალოგის ინიცირებით.
"ასათვისებელი ათვისებულია, აქ ტყეკაფების გამოყოფა ვეღარ მოხერხდება" _ აცხადებენ კვლევის ფარგლებში გამოკითხული ხაიშელები, რომლებსაც ლიცენზიანტები არ მოსწონთ.
სოფელ ჯორკვალში მცხოვრები ბესო ჭკადუას განცხადებით, სოფლის სიახლოვეს არსებული ტყეები კერძო კომპანიებმა უკვე მთლიანად აითვისეს. "წლებია, რაც ტყიდან შეშა ვერ გამოგვაქვს და სახერხის ნარჩენებს ვიყენებთ. სალიცენზიო ვადა იწურება, მაგრამ ამასაც აღარა აქვს მნიშვნელობა, ასათვისებელი ათვისებულია. აქ ტყეკაფების გამოყოფა ვეღარ მოხერხდება" – აღნიშნავს ბესო ჭკადუა.
სოფელ ლუხის მკვიდრის გოგი ჭკადუას ინფორმაციით, ტყის რესურსით მხოლოდ ერთეულები სარგებლობენ და უკვე დიდი ხანია, რაც მოსახლეობა საშეშედ წაქცეულ ან ზვავების მიერ ჩამოტანილ ხეებს იყენებს.
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ: "მოსახლეობა ამბობს, რომ ლიცენზირების გამო დაიკარგა შემოსავლები ტყის მერქნული რესურსების წარმოებიდან, შემცირდა შემოსავლები სოფლის მეურნეობიდან და გაჩნდა ეკოლოგიური პრობლემები. ლიცენზიები ხაიშის სატყეოში 2009 წელს გაიცა და სალიცენზიო ვადის ამოწურვამდე ერთი წელია დარჩენილი."
"სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში ბოლო 7 წლის განმავლობაში 2006-2012 წლები სულ უკანონოდ 237 748 კუბური მეტრი ხე-ტყე მოიჭრა. ექსპერტების გათვლებით კი, წელიწადში უკანონოდ საშუალოდ 1,5 მილიონ კუბური მეტრზე მეტი მერქნული შეშა იჭრება. როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური ციფრები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ხე-ტყის უკანონო ჭრა მასიურად მიმდინარეობდა. ექსპერტების თქმით, იმაზე საუბარი, თითქოს ჰესების, ამ შემთხვევაში კი ხუდონჰესის მშენებლობით ჰექტრობით ტყე გაიჩეხება და ის ბუნებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, არასერიოზულია. "