ხაიშში, მიწის დაკანონების აქტიურმა მოწინააღმდეგემ, თვითონ  5 314 კვ.მ დაირეგისტრირა

ხაიშში, მიწის დაკანონების აქტიურმა მოწინააღმდეგემ, თვითონ 5 314 კვ.მ დაირეგისტრირა

"სახელმწიფომ ინვესტორს ჩვენი მიწები 1 დოლარად აჩუქა, ახლა სახელმწიფო როგორ ავალდებულებს ინვესტორს, რომ ჩვენ გაგვიფორმოს მიწები?  თუ ჩვენი იყო მიწები, მაშინ ინვესტორს როგორ მისცა? ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენ იმიტომ ვართ მიწების დარეგისტრირების წინააღმდეგნი, რომ არ გვინდა ხუდონჰესის აშენება. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში ხუდონჰესს არ ავაშენებინებთ. „ტრანსელექტრიკამ“ მიწა არ უნდა დამირეგისტრიროს, მიწა სახელმწიფომ უნდა დაარეგისტრიროს. " - ასეთ განცხადებას ავრცელებს გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელი, რეინჯერი ოლეგ ჭკადუა ყველა შეკრებაზე, რომელიც ხაიშში ხუდონჰესის აშენების წინააღმდეგ იმართება.

ოლეგ ჭკადუა ერთ-ერთი აქტივისტია, რომელიც ხაიშში მიწების დარეგისტრირების წინააღმდეგ გამოდის.

თუმცა, როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, მას ჯერ კიდევ 2013 წლის 21 ნოემბერს აქვს დარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი დაზუსტებული ფართით, 5 314 კვ.მ.

ოლეგ ჭკადუა არ უარყოფს იმას, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის ნახაზები გაკეთებული აქვს, მაგრამ ამბობს, რომ ჯერ არ დაურეგისტრირებია. სულ სხვას მეტყველებს ოფიციალური დოკუმენტები.

ბატონო ოლეგ, თქვენს კუთვნილებაში არსებული მიწა თუ გაქვთ რეგისტრირებული?

ნახაზები გაკეთებული მაქვს, მაგრამ საჯარო რეესტრში ჯერ არ მაქვს მიტანილი, უბრალოდ, აზომილი მაქვს. ეს ნახაზიც შესასწორებელია, რადგან იმ მიწის ნაწილი  "ტრანსელექტრიკაზეა" რეგისტრირებული.

მოსახლეობის გარკვეულ ნაწილსაც აქვს მიწა რეგისტრირებული. ზოგს ელექტრონული ვერსია აქვს, რომელიც გადაფორმებულია „ტრანსელექტრიკაზე“. ადამიანი რომ მივიდა საჯარო რეესტრში, არ გაფორმეს, უთხრეს ტრანსელექტრიკასიაო. ასეთი უკანონობაა ჩადენილი და ეს უნდა გამოსწორდეს. სახელმწიფომ უნდა დაგვიკანონოს ჩვენი მიწები.

პრობლემას რაში ხედავთ, შეგიძლიათ კონკრეტულად აგვიხსნათ? დარეგისტრირების შემთხვევაში ხომ თავად იქნებით მესაკუთრეები და მერე როგორც გსურთ, ისე განკარგავთ საკუთრებას?

თქვენ არ უსმინეთ კალაძეს რა თქვა? დაარეგისტრირონ და მერე ვივაჭროთ, მერე გამოვისყიდით მაგათგან მიწებსო. ამაშია ყველაფერი ჩამარხული. ჩვენ არავის არაფერს მივყიდით.

თქვენ როგორ მოახერხეთ მიწის დარეგისტრირება ნოემბრის თვეში? რამე პრობლემები შეგექმნათ?

როგორ არ შემექმნა, მე აქ მაქვს საბუთები და გასასწორებელია ქვეყანა ნახაზები. გასასწორებელია იქ საზღვრები და იმიტომ არის ყველაფერი გაჩერებული.

არა, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, თქვენ ხარვეზი აღმოფხვერით და დარეგისტრირებული გაქვთ 5 314 კვ.მ.

ნახაზები მაქვს, ნახაზები, დარეგისტრირებული არ მაქვს. ანუ პრობლემა იმიტომ შემექმნა, რომ ტრანსელექტრიკას ჩაყლაპული აქვს ყველაფერი.

ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე საუბრობთ?

არა, კაცო, რა შუაშია ტყე, ჩემი ნაკვეთებია იქ,  ტყეც მაგათია და გზაც, მაგრამ ვნახოთ ვისი რა იქნება! ახლა ვიღაცას ხომ არ ჰგონია, რომ ვინმე შეაშინეს, რაღაცა ეშლებათ რა, შეშინებულები იქეთ მოიკითხონ და მოიკითხავენ კიდევაც.

თქვენ არ გაქვთ ეს 5314 კვ. მ დარეგისტრირებული? (სწორედ ამ ტერიტორიაზე და ამ ხარვეზზე საუბრობს დასაწყისში მეტყევე ოლეგ ჭკადუა. ავტ)

არა, ეს სიცრუეა, როგორც კალაძე ცრუობს, ისე ცრუობს ვიღაცა...

მაგრამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებულია...

დარეგისტრირებული არაფერი არ არის და არც გვაინტერესებს ის დარეგისტრირება...

თქვენი აქტიური მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მანანა ქოჩლაძეც არ უარყოფს, რომ თავის დროზე, 1988 წელს ხაიშელებმა აიღეთ კომპენსაციები. ერთხელ უკვე გაასხვისეთ მიწა და გადაეცა სახელმწიფოს. ასე არ იყო? არ აგიღიათ კომპენსაცია?

იცით რა არის? იცით როგორ იყო? კი, კომპენსაცია აიღეს კომუნისტების დროს. მაგრამ აიღეს, ჩადეს შემნახველ სალაროებში და დაეკარგათ ის ფული. მაშინ იმაზეც აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ის ფული დაუბრუნდეთ მოსახლეობას. ეს ერთი და მეორეც იცი რა არის, ამას რომ ახსენებენ, იმ ადამიანებმა პასუხისმგებლობა აიღონ, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეები.