საქართველოს ბანკმა „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ დააფუძნა

საქართველოს ბანკმა „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ დააფუძნა

"საქართველოს ბანკმა" "საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი" დააფუძნა. როგორც "საქართველო ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა ჟურნალისტებს განუცხადა , ბანკის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სფეროში მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას და საშუალება მისცეს ნებისმიერ მსურველს დაეუფლოს ფინანსურ ცოდნას მისთვის სასურველ დონეზე.

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ მოიცავს ბიზნესის სკოლას და რამდენიმე თანამედროვე განათლების ცენტრს:  მომხმარებელთა ფინანსური განათლების ცენტრს,  სასერტიფიკატო სწავლების ცენტრს, პროფესიული განათლების ცენტრსა  და დამწყები ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრს. ამრიგად, „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ გათვალისწინებულია პროგრამები აბიტურიენტებისთვის, უკვე დასაქმებული და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებისთვის, რიგითი მომხმარებლებისთვისა და საკუთარი ბიზნესის მფლობელთათვის.

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ბიზნესის სკოლა 2014 წლის სექტემბრიდან შეთავაზებს სტუდენტებს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას ფინანსებში. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ორწლიანი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა  გამოირჩევა არაერთი უპირატესობით. მათ შორისაა: პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო შერწყმა; ფინანსური განათლება ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლებისგან;  „საქართველოს ბანკის“ ჯგუფში პრაქტიკის გავლისა და დასაქმების რეალური შესაძლებლობა; საუკეთესო ადგილობრივი და საერთაშორისო აკადემიური პერსონალის ლექციები.  „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე მოხდება 50 სტუდენტის მიღება. მათგან საუკეთესო 10  სტუდენტი მიიღებს 100%–იან დაფინანსებას „საქართველოს ბანკისგან“, შემდეგი 20 სტუდენტი კი შვიდწლიან, 0%–იან სტუდენტურ სესხს.

მომხმარებელთა ფინანსური განათლების ცენტრში საქართველოს ბანკის მომხმარებლები – ფიზიკური და იურიდიული პირები, სრულიად უსასყიდლოდ გაივლიან  სპეციალურ კურსს ფინანსების მართვის საფუძვლებში. კურსის მოსმენის შედეგად, მომხმარებლები შეძლებენ საკუთარი ფინანსური რისკების მინიმიზაციას და საფინანსო დაწესებულებასთან გრძელვადიანი, მომგებიანი უერთიერთობის აგებას. წლის განმავლობაში კურსს გაივლის 1,000 მომხმარებელი. 

დამწყები ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრი იდეებით აღსავსე და მოტივირებული პიროვნებების ხელშეწყობას გულისხმობს. ხსენებული ცენტრის მიზანია, შესაძლებლობა მიცეს ადამიანებს დაიწყონ და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამის მონაწილეები მიიღებენ პროფესიონალურ კონსულტაციას და შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ კონტაქტი ბიზნეს წრეებთან. ისინი ასევე იმუშავებენ ბიზნესგეგმის შექმნაზე. საუკეთესო იდეების ავტორებისთვის გათვალისწინებულია გრანტების გაცემა.

სასერტიფიკატო სწავლების ცენტრი ნებისმიერ მსურველს შეთავაზებს მოკლევადიან სპეციალიზირებულ სასწავლო კურსებსა და ტრეინინგებს ბიზნესის ადმინისტრირების სხვადასხვა მიმართულებით. სასერტიფიკატო კურსის მეშვეობით,  შედარებით მოკლე დროში მსმენელი დაეუფლება აკადემიურ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს.

 

პროფესიული განათლების ცენტრი დაინტერესებულ პირებს შეთავაზებს აკრედიტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას საბანკო საფინანსო სექტორში. ხსენებული პროგრამა აბიტურიენტებსა და ახალ კურსამთავრებულებს საშუალებას მისცემს ადრეულ ეტაპზევე დაგეგმონ საკუთარი კარიერა.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ შესახებ, ეწვიეთ: www.bog.edu.ge