ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით ვრცელი განმარტება გააკეთა:
"ხუდონჰესთან დაკავშირებით არაერთხელ მითქვამს და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო და განვმარტო შემდეგი: მე მესმის იმ ადამიანების მღელვარების მიზეზი და მესმის მათი შეშფოთება. ფაქტია, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ხუდონჰესის მშენებლობას, ჯერ კიდევ აქვთ კითხვები პროექტთან დაკავშირებით. ამიტომ, სახელმწიფო ვალდებულია, ამ ადამიანებს უბრალოდ და მარტივად განუმარტოს – რა მოცემულობა გვაქვს, რა სარგებელს მოუტანს აღნიშნული პროექტი ქვეყანას, რა რისკების შემცველია მშენებლობა, თუ ასეთი რისკები არსებობს. ან ზოგადად რამდენად პერსპექტიული და რამდენად სასარგებლო პროექტია ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი შვილებისთვის, მათი შვილებისთვის და მათი მომავლისათვის. ასევე მათ მიერ წამოჭრილი პრობლემების და საკითხების მოგვარების გზები უნდა იქნეს მოძიებული. ამაში აქტიური მონაწილეობა სახელმწიფომ უნდა მიიღოს."
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, თუ ამ ყველაფრის შემდეგ ხაიშელებს კვლავ ექნებათ კითხვები, სახელმწიფომ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რომ ამ ადამიანებს ეს კითხვები მოეხსნას.
"არ უნდა დარჩეს არც ერთ მოქალაქეს, არც ერთ ხაიშელს კითხვა, რომ ეს პროექტი არის გაუაზრებელი ან უსარგებლო მათთვის. ჩემი შეფასებით, ეს პროექტი, რეალურად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისათვის და ენერგოუსაფრთხოებისთვის. აქედან გამომდინარე, რაც მთავარია, ეს პროექტი მოიტანს სვანეთის რეგიონისათვის რეალურ აყვავებას. ძალიან დიდ შემოსავლებზეა საუბარი, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი კომუნიკაციააა საჭირო ამ ხალხთან. უბრალოდ უნდა ავუხსნათ, დავარწმუნოთ და თუ ვერ ვარწმუნებთ, ეგ ჩვენი ბრალი იქნება, ჩვენი პრობლემაა.
ჩვენ ამ ადამიანებს სათანადოდ უნდა ავუხსნათ, რომ ეს პროექტი არის რეალურად სასარგებლო და ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი, ეს არის ჩვენი ვალდებულება. ამიტომ ცდილობს კახა კალაძე, რომელიც ასევე შეწუხებულია და ფიქრობს, რომ დაიწყოს აქტიური დიალოგი და კომუნიკაცია ამ ადამიანებთან. სოზარ სუბარი და ვიქტორ ჯაფარიძეც იყვნენ ამ პროცესში ჩართულნი. ეს ადამიანები აიღებენ ვალდებულებას, ადგილზე ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას აუხსნან პროექტის მნიშვნელობა. საჭირო თუ გახდა, მეც ჩავალ, მეც ავუხსნი და ჩვენ ერთად უნდა დავარწმუნოთ ეს ადამიანები. რა თქმა უნდა, ჩვენ მოქალაქეებზე ზეწოლას არ დავუშვებთ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ ინვესტორებთან, რომლებიც ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას აპირებენ ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ ამ ორი ინტერესის თანხვედრა უნდა მოვახდინოთ და ბუნებრივია, ამაში ჩვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსენსუსს მივაღწევთ." _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.